დაიწყება თუ არა საქართველოში მედიკამენტებზე ფასების მოულოდნელი ზრდის მოკვლევა
სააგენტომ ფარმაცევტული კომპანიებისგან მიიღო განმარტებები მედიკამენტების გაძვირებასთან დაკავშირებით, განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა.
Sputnikთბილისი, 13 მარტი – Sputnik. საქართველოში წამლების გაძვირებასთან დაკავშირებით კონკურენციის ეროვნული სააგენტო მოკვლევას თუ დაიწყებს, ამის შესახებ საზოგადოებას აცნობებენ, განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ.
ჯანდაცვის სამინისტრომ ფარმაცევტული კომპანიების ნაწილი რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ თურქეთიდან იმპორტირებულ მედიკამენტებზე ფასების ხელოვნურ ზრდაში დაადანაშაულა. მინისტრმა ამას „ჰოლდინგის შეთქმულება“ უწოდა და სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი რეაგირების პირობა დადო.
ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაში, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ამჟამად ბაზრის ადაპტაცია მიმდინარეობს და კომპანიები კანონის ყველა პირობას იცავენ, ხოლო კონკრეტულ შემთხვევაში ფასის მატება შესასყიდი ფასის მატებას უკავშირდებოდა.
ლექვინაძის განცხადებით, სააგენტომ მიიღო ფარმკომპანიების განმარტებები წამლების გაძვირებასთან დაკავშირებით და კომპანიებთან კომუნიკაციები ამ მიმართულებით გრძელდება.
სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ერთდროულად მოხდა თურქეთიდან იმპორტირებული ყველაზე მოთხოვნადი და ხელმისაწვდომი წამლების გაძვირება, რაც სამწუხარო და მოულოდნელი ფაქტია.
„კარგია, რომ საკითხი რამდენიმე დღეში ამოიწურა. ეს იყო აქტიური კომუნიკაციების შედეგი, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ფარმაცევტულ კომპანიებთან ახორციელებდა. ჩვენც აქტიურად ვიყავით ჩართული. ამ ეტაპზე ფაქტების შეფასებას ვახორციელებთ“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ „პირველი არხის“ ეთერში.
გარდა ამისა, ლექვინაძემ განმარტა, რომელი ფაქტორები შესაძლოა გახდეს მოკვლევის დაწყების საფუძველი.
„მოკვლევის დაწყების საფუძველია ფასის პრაქტიკულად ერთდროულად ზრდის მომენტი. გვაინტერესებს, ეს დაკავშირებული იყო თუ არა გარკვეულ ტექნიკურ და ობიექტურ გარემოებებთან“, – განაცხადა ლექვინაძემ.
მისი თქმით, თუ მედიკამენტების ბაზარზე, სადაც მოხდა გაძვირება, და მათი ჩამნაცვლებლების ბაზარზეც დომინანტი კომპანიები იქნებიან, ასეთ შემთხვევაში შეიძლება საკითხი განხილული იყოს, როგორც მომხმარებლისთვის ჭარბი ფასის დაწესება.
„ჰოლდინგური ჯგუფების საკითხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. კერძოდ, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ, დღევანდელი მოცემულობით, ბაზარზე გვაქვს მაღალი კონცენტრაცია, მსხვილი ჰოლდინგების ჯგუფები – სამი ჰოლდინგური ჯგუფის წილი 80 პროცენტამდეა, რაც ჯგუფური დომინირების პროცენტულობას ნიშნავს“, – განაცხადა ლექვინაძემ.
ლექვინაძემ ისაუბრა ასევე სააგენტოს მონიტორინგის ანგარიშზე, სადაც ნათქვამია, რომ დღეს არსებული ჰოლდინგური ჯგუფები იმ სისტემაში, რომელიც იყო გასულ წლამდე, ვიდრე სისტემური რეფორმები დაიწყებოდა, ორიენტირებული იყვნენ საკუთარი წარმოების ან საკუთარი იმპორტირებული, ხშირ შემთხვევაში, მაღალბაჟიანი, ძვირადღირებული მედიკამენტების რეალიზაციაზე.
ლექვინაძის თქმით, სისტემური რეფორმების შემდეგ, როგორებიცაა გენერიკული რეცეპტები, ელექტრონული რეცეპტები, ხარისხის სტანდარტების შემოღება, ჰოლდინგური ჯგუფები ამ მოცემულობით გააგრძელებენ მუშაობას.
„ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო, რომ ჩამოყალიბდეს მიდგომა ჰოლდინგურ ჯგუფებთან მიმართებით. ჩვენ მზად ვართ, პროცესებში აქტიურად ვიყოთ ჩართული. წინასწარ რაიმე ტიპის დარღვევაზე საუბარი არ შემიძლია“, – განაცხადა ლექვინაძემ.
თებერვლის ბოლოს თურქეთიდან იმპორტირებულ გარკვეულ წამლებზე ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა. ჯანდაცვის სამინისტროში ამას ფარმაცევტული კომპანიების შეთანხმებული ქმედება უწოდეს. უწყებაში დარწმუნებული არიან, რომ იგი გამოწვეულია იმით, რომ ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე რამდენიმე ჰოლდინგი დომინირებს.
სამინისტროში აღნიშნეს, რომ ოთხი ფარმაცევტული კომპანია ფლობს ქვეყნის ბაზრის 90%-ზე მეტს და, შესაბამისად, მათ აქვთ შესაძლებლობა დააწესონ ნებისმიერი ფასი, შემოიღონ ნებისმიერი შეზღუდვა და კონკრეტული პროდუქტის დეფიციტიც კი გამოიწვიონ.
ჯანდაცვის მინისტრი პირობას დებს – ბოლომდე მიიყვანოს დაწყებული რეფორმა და ცვლილებების წყალობით დაასრულოს ბაზარზე რამდენიმე კომპანიას შორის შეთქმულება, რათა მათ ბაზარზე არსებულ სიტუაციაზე გავლენის მოხდენა მეტად ვეღარ შეძლონ.
მედიკამენტებზე ფასების საკითხი
მედიკამენტების ფასები ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია საქართველოში. ხელისუფლებამ ფასების შესამცირებლად შარშან თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანა გაამარტივა, მიმდინარე წელს კი 15 თებერვლიდან ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების მექანიზმი გაააქტიურა. სია მოგვიანებით გაფართოვდება.
რეფერენტული ფასების შემთხვევაში სახელმწიფო განსაზღვრავს საშუალო საბითუმო და საცალო ფასებს სააფთიაქო მარკირების გათვალისწინებით, წამლის საბითუმო ღირებულებიდან გამომდინარე. სხვა მედიკამენტებზე ფასებს თავად ფარმაცევტული კომპანიები ადგენენ.
ჯანდაცვის სამინისტრომ საპილოტო რეჟიმში აამოქმედა მედიკამენტების მიმოქცევის მონიტორინგის ელექტრონული სისტემა.
ამ სისტემაში გროვდება ინფორმაცია წამლების ბრუნვის, მარაგის, საცალო და საბითუმო ფასების შესახებ ქვეყანაში, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს წარუდგენენ კომპანიები, რომლებიც ფარმაცევტული პროდუქციით ვაჭრობენ.
ახალი წესების დამრღვევი 15 მარტამდე გაფრთხილებას მიიღებს, შემდეგ კი 5 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრება.