თბილისი, 12 მარტი – Sputnik. 2022 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 16 იანვრამდე პერიოდში სამართალდამცველებმა დააფიქსირეს პოლიციის მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობის 4,5 ათასი და წვრილმანი ხულიგნობის 4 ათასი ფაქტი, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მასალებში.
„პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა“ და „წვრილმანი ხულიგნობა“ არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ყველაზე გავრცელებული დარღვევა აქციებზე. მხოლოდ ბოლო სამი დღის განმავლობაში თბილისში ამ მუხლებით 133 ადამიანი დააკავეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2022 წელს პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით პასუხისგებაში მიცემული იქნა 4285 პირი, მათგან 132 ქალი.
აღნიშნულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულთა საშუალო ასაკი 18-დან 40 წლამდე მერყეობს.
გარდა ამისა, პასუხისგებაში მიცემულია ასევე 63 არასრულწლოვანი და 60 წელს გადაცილებული 41 პირი.
რაც შეეხება წვრილმან ხულიგნობას, აღნიშნულ პერიოდში პოლიციამ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მისცა 3308 პირი, მათგან 139 ქალია.
წვრილმანი ხულიგნობისთვის მხილებულთაგან 47 არასრულწლოვანია, ხოლო 48 - 60 წელს გადაცილებული პირია.
პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტების უდიდესი ნაწილი ფიქსირდება საქართველოსთვის ტრადიციულ საპროტესტო ეპიცენტრებში - თბილისსა და აჭარაში, ყველაზე ნაკლებად გურიასა და მცხეთა-მთიანეთში.