თბილისი, 12 მარტი – Sputnik. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევის გადაწყვეტილება ყველაზე სწორი და გონივრული იყო, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში გამართული საპროტესტო აქციების კომენტირებისას.
თბილისში 7-10 მარტს მასობრივ საპროტესტო აქციებში, სადაც „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონების მიღება გააპროტესტეს, ქართული საზოგადოების ნაწილი და ოპოზიცია მონაწილეობდა. აქციის მონაწილეთა ნაწილმა ბარიერების გარღვევა და პარლამენტის ტერიტორიაზე შეღწევა გადაწყვიტა. ამის შემდეგ სპეცრაზმმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გამოიყენა. აქციას „ქართული ოცნების“ მიერ ორივე კანონპროექტის უკან გაწვევა მოჰყვა.
„გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ამ კანონის უკან გაწვევის, ამ სიტუაციაში სახელმწიფოებრივად ყველაზე სწორი და გონივრული გადაწყვეტილება იყო. ამით ჩვენ ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, ვაჩვენეთ, რომ არავის არ მივცემთ უფლებას, რომ ვიღაცამ რაღაც დესტაბილიზაცია მოაწყოს, არეულობა და ქაოსი შემოიტანოს ქვეყანაში და მერე მეორე ფრონტები და ათასი სისაძაგლე გააჩაღოს. მეორეს მხრივ, ვთქვით, რომ ვიცოდით რა მათი ამ ძალიან ცუდი გეგმების შესახებ, მათი ამოცანა იყო ქაოსი, მუდმივი დესტაბილიზაციის შენარჩუნება, არეულობა“, - განაცხადა პრემიერმა ტელეარხ „იმედის“ ეთერში.
მთავრობის მეთაურმა არ გამორიცხა, რომ სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით, თავად რადიკალურ ოპოზიციას შეეძლო საპროტესტო აქციების დროს რამდენიმე სტუდენტის მკვლელობის ორგანიზება.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობამ ამ კანონპროექტის გაწვევით იზრუნა ქვეყანაში სტაბილურობასა და მშვიდობაზე.
ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს და უწყების თანამშრომლებს, რომლებმაც სიტუაციის დესტაბილიზაცია არ დაუშვეს.
„მე ამ პროცესს ვაკვირდებოდი თავიდან ბოლომდე და ვიცი, რამდენად მაღალპროფესიონალურად შეასრულეს ბიჭებმა ეს ურთულესი გამოწვევა. ძალიან რთული იყო, აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ იქ რაღაც უბედურება არ მომხდარიყო, ღმერთმა დაგვიფარა და მადლობა უფალს, რომ ეს ყველაფერი ძალიან, მეტ-ნაკლებად ნაკლები დანაკარგის, ნაკლები პრობლემების, გართულების გარეშე დასრულდა. ჩვენმა პოლიციამ ძალიან მაგრად იმუშავა, სიმტკიცე გამოიჩინეს, მაღალი პროფესიონალიზმი და ამავდროულად, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი სახე - ჰუმანურობა - კიდევ ერთხელ წარმოჩინდა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
აქციის მონაწილეები, ძირითადად ახალგაზრდები და სტუდენტები, თავიანთ გამოსვლებში უარყოფით კონტექსტში საუბრობდნენ არა მხოლოდ მმართველ პარტიაზე, არამედ ოპოზიციაზეც. ასე მაგალითად, ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს 10 მარტს გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცეს და ფაქტიურად გააძევეს.
მომიტინგეების და ძალოვანების შეტაკების შედეგად დაშავდა 58 პოლიციელი, დაშავებულ მომიტინგეთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს იმ ფაქტს, რომ აქციის მონაწილეთა ნაწილს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
პოლიციამ აქციაზე 133 ადამიანი დააკავა, მათ შორის ერთი პირი - პოლიციელზე თავდასხმისთვის. დაკავებულთა შორის იყო ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.
ამასობაში, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე პოლიციის მიერ უფლებამოსილების გადამეტების 20-ზე მეტ ფაქტზე.