დღეს ამერიკაში ცხოვრობს და მის მიერ შექმნილი უჩვეულო დიზაინის სამოსი ადგილობრივი მოდის კვირეულზე გააქვს ხოლმე. რადგან სამოსი მოწონებით სარგებლობს, უკვე სხვადასხვა ქვეყნების ჩვენებებზე მონაწილეობის ბევრი მიწვევა მიიღო, მათ შორის პარიზის მაღალი მოდის კვირეულიცაა.
- ქალბატონო თეონა, თქვენი წარმატებების ათვლა როდის დაიწყო?
- ეს მოხდა თბილისში, სტუდენტობის დროს. ყველაფერი ერთმა შემთხვევამ გადაწყვიტა: მეორე კურსზე ვიყავი, როცა ფოტოხელოვანმა ნუკრი ჯიოშვილმა ფოტო გადამიღო და იმ ფოტოებიდან ერთ-ერთი მოხვდა კონკურსზე ,,ათასში ერთი“, რომელიც გალერეა „ქარვასლაში“ ჩატარდა. კასტინგზე იმ ფოტოს წყალობით ამირჩიეს. გამოფენის შემდეგ ლალი ტოტიკაშვილის სააგენტოში მოვხვდი. სხვადასხვა ჩვენებებშიც აქტიურად ვმონაწილეობდი. ის დრო კარგად მახსენდება.
- მოდელობასა და დიზაინერობაზე ბევრი გოგონა ბავშვობიდან ოცნებობს, თქვენ შემთხვევაშიც ასე იყო?
- ჩემი ბავშვობა, რომელიც ქუთაისში გავატარე, ლაღი და ბედნიერი იყო. საბავშვო ბაღში ყოფნის დროს იმდენად კარგად ვხატავდი, რომ ჩემი ნახატები ყოველთვის გამოფენილი ჰქონდათ. ქუთაისში თაბუკაშვილის ქუჩაზე ვცხოვრობდით. ამ ქალაქს მიზიდულობის საოცარი ძალა აქვს და მხოლოდ მისთვის ჩვეული ურთიერთობებითაა ცნობილი, ამიტომ იქაურ მეზობლებთან დღემდე ვმეგობრობ.
- გამოფენებს უჩვეულო სახელებს ურჩევთ ხოლმე - „დეჟავიუ“, „გაურკვევლობა“...
- „დეჟავიუ“ შეგრძნებაა, რომ მომენტი, რომელშიც ახლა ვართ, შეიძლება ერთხელ უკვე გვქონია, პრინციპში, ეს მოგონების განცდაა. მსგავსი შეგრძნება ჩემს ცხოვრებაშიც ბევრჯერ ყოფილა და ალბათ მომავალშიც იქნება. ამიტომ 2009 წელს გამართულ პირველ ჩვენებასაც ასე ვუწოდე. მაშინ წარმოდგენილი ჩემი სამოსი იმ დროისათვის საკმაოდ თამამი იყო. მე შევქმენი საპატარძლო მოკლე კაბა, ასევე ჯინსის საპატარძლო კაბა და სამხედრო ქალური კაბა. რაც შეეხება ჩვენებას სახელად „გაურკვევლობა“, ის მამის ხსოვნას მივუძღვენი. როცა მამა გარდამეცვალა, მას შემდეგ კარგა ხანი მართლაც გაურკვევლობაში ვიყავი. თან ნამუშევრები, რომლებიც მაშინ გავგზავნე, პანდემიის პერიოდს დაემთხვა. იმ ჩვენებაზე წარმოდგენილი მქონდა კორსეტი, რომელიც მამაჩემის ჯინსის შარვლისგან შევკერე. მიუხედავად მიღწეული წარმატებებისა, ნოსტალგიის გამო ემიგრაციაში ყოფნა მაინც რთულია. ახლობლები ძალიან მენატრება, მაგრამ ის, რომ მეუღლე და შვილი გვერდით მყავს და საყვარელ საქმეს ვაკეთებ, ცხოვრებას უფრო ასატანს ხდის.
ნინო მამულაშვილი