საქართველო და სომხეთი მეცნიერებისა და განათლების სფეროში ურთიერთობებს გააღრმავებენ

თანამშრომლობის მიმართულებებს შორისაა მოსწავლეებისა და სტუდენტების გაცვლის მრავალფეროვანი პროგრამები.
Sputnik
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. საქართველო და სომხეთი მეცნიერებისა და განათლების სფეროებში ურთიერთობების გაღრმავებას აპირებენ. შესაბამის მემორანდუმს ხელი ორი ქვეყნის საგანმანათლებლო უწყების ხელმძღვანელების შეხვედრისას მოეწერა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის მოწვევით თბილისში დელეგაციასთან ერთად იმყოფება სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ჟანა ანდრეასიანი, ნათქვამია ქართული სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.
მინისტრებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსა და სომხეთის მჭიდრო თანამშრომლობას ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სფეროებში.
დოკუმენტი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კვლევით დაწესებულებებს შორის კავშირების განმტკიცებას.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას, განახორციელონ ერთობლივი პროგრამები საქართველოსა და სომხეთის უნივერსიტეტებში ქართველოლოგიისა და არმენოლოგიის ცენტრების შექმნის მიზნით.
შეხვედრაზე განხილულ საკითხთა შორის იყო მასწავლებელთა ხელშეწყობა კვალიფიკაციის გაუმჯობესებისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით, მოსწავლეთა და სტუდენტთათვის მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამების შეთავაზება და სხვადასხვა ტიპის ახალგაზრდული ღონისძიებების ორგანიზება.
ჩხენკელმა იმედი გამოთქვა, რომ ევგენი ხარაძის სახელობის აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიასა და სომხეთის ბიურაკანის ასტროფიზიკურ ობსერვატორიას შორის არსებული ტრადიციული სამეცნიერო კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდება.
ჟანა ანდრეასიანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას და პირადად მიხეილ ჩხენკელს საქართველოში მცხოვრები სომხების მხარდაჭერისთვის, სახელმწიფო ენის შესწავლაში ხელშეწყობისთვის.
მისი თქმით, საქართველოში მცხოვრები სომხებისთვის სახელმწიფო ენის შესწავლა მნიშვნელოვანია მათი საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის.
მოსახლეობის ბოლო აღწერის მიხედვით, საქართველოში 168,1 ათასი სომეხი ცხოვრობს.