თბილისი, 10 მარტი — Sputnik. საქართველომ და აზერბაიჯანმა ტრანსსასაზღვრო მდინარე მტკვრისა და ჯანდარის წყალსაცავზე აშენებული გარდაბნის სარწყავი სისტემის ექსპლუატაციის საკითხები განიხილეს, იუწყება კომპანია „საქართველოს მელიორაცია".
თბილისში შესაბამის შეთანხმებას ხელი „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ნასარიძემ და აზერბაიჯანის მელიორაციისა და წყალმომარაგების (OJSC) თავმჯდომარის მოადგილემ ზაქირ გულიევმა მოაწერეს.
შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს არსებულ გამოცდილებაზე, გამოწვევებსა და სამომავლო თანამშრომლობაზე.
ნასარიძემ აზერბაიჯანელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია კომპანიის მომსახურების, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის დაგეგმილი პროექტებისა და მიღწეული შედეგების შესახებ.
ვიზიტის ფარგლებში ზაქირ გულიევი გარდაბნის მუნიციპალიტეტის (ქვემო ქართლის რეგიონი) ინფრასტრუქტურას გაეცნო.
დღეისათვის საქართველოს მასშტაბით მელიორაციის მიმართულებით 60 მლნ ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, რომელთა დასრულების შემდეგაც დამატებით 7.540 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი იქნება წყლით უზრუნველყოფილი, 900 ჰექტარზე გაუმჯობესდება სარწყავი სისტემა.