თბილისი, 9 მარტი — Sputnik. რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ მომხდარი დივერსიის გამომძიებელი სპეცსამსახურები ინციდენტთან ცნობილი უკრაინელი ბიზნესმენის შესაძლო კავშირებს სწავლობენ, წერს The Telegraph.
როგორც გამოცემა აცხადებს, მათთვის ამ პიროვნების ვინაობა ცნობილია, თუმცა თავს იკავებენ მისი დასახელებისგან.
„გამოძიების მიმდინარეობაში ჩახედული წყაროების თქმით, ადამიანი, რომლის სახელიც ცნობილია The Telegraph-სთვის, შესაძლოა ინციდენტს ნაწილობრივ შეტევის სპეციფიკის გამო უკავშირდებოდეს, რომელიც, როგორც ჩანს, განზრახ მიანიშნებს მის მონაწილეობაზე“, — წერს გამოცემა.
როგორც ევროპული უშიშროების სამსახურში არსებულმა წყარომ დაუდასტურა „ტელეგრაფს“, უკრანელი ბიზნესმენი გამოძიების „ხედვის არეშია“, მაგრამ მან არ დააკონკრეტა, მიიჩნევა თუ არა ის ეჭვმიტანილად.
გამოცემის აზრით, აღნიშნული პიროვნების სახელი, სავარაუდოდ, არც გამჟღავნდება, ვინაიდან დასავლეთს სურს, რომ შეინარჩუნოს ერთიანობა უკრაინის მხარდაჭერის საკითხში.
მანამდე, 7 მარტს Die Zeit-მა გამოაქვეყნა პუბლიკაცია სათაურით „Nord Stream-ის გამოძიება: კვალი უკრაინისკენ მიდის“. სტატიის თანახმად, გერმანულმა საგამოძიებო ჯგუფმა იმ საზღვაო საშუალების იდენტიფიცირება შეძლო, რომელიც, სავარაუდოდ, გაზსადენებზე აფეთქების მოწყობისთვის გამოიყენეს, და რომელიც ორ უკრაინელს ეკუთვნის. თუმცა დივერსიის დამკვეთის ვინაობაზე „გამომძიებლებს ჯერჯერობით არანაირი მტკიცებულება არ გააჩნიათ“. ამასთან გამოცემამ არ გამორიცხა, რომ ეს შესაძლოა ყოფილიყო „ოპერაცია სხვისი დროშით“, ანუ კვალი, რომელიც უკრაინამდე მიდის, განზრახ იყოს დატოვებული.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე გააკეთა კომენტარი აღნიშნულ ვერსიებთან დაკავშირებით. როგორც ნედ პრაისმა განაცხადა, სახელმწიფო დეპარტამენტი ჯერჯერობით ოფიციალურად ვერ დაადასტურებს მასმედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ მომხდარ აფეთქებაში „პროუკრაინული დაჯგუფებების“ ხელი ურევია.
წყარო: The Telegraph