თბილისი, 8 მარტი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს კლერ ბაზი მალორის გაუგზავნა წერილი თხოვნით, მოამზადოს დასკვნა საქართველოს პარლამენტში წარდგენილ ორ კანონპროექტზე უცხოური აგენტების შესახებ.
საუბარია კანონპროექტებზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ". საქართველოს პარლამენტმა გუშინ პირველი მოსმენით მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ქართული ვერსია, რომელსაც ხმა მისცა 76-მა დეპუტატმა. წინააღმდეგ წავიდა – 13. მეორე კანონპროექტის განხილვა, რომელიც 9 მარტისთვის იყო დაგეგმილი, არ შედგება.
„ჩვენი ათეულობით წლის განმავლობაში მიმდინარე პარტნიორობის სულისკვეთებით მოგმართავთ თხოვნით, რომ ვენეციის კომისიამ მოამზადოს სამართლებრივი დასკვნა თანდართულ კანონპროექტებზე“, – ნათქვამია წერილში.
ვენეციის კომისიის პრეზიდენტის სახელზე გაგზავნილ წერილში განმარტებულია, რომ კანონპროექტები მიზნად ისახავს არაკომერციული/არასამეწარმეო ორგანიზაციების მინიმალურად აუცილებელი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, მათ შორის უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებით.
„საქართველო რეგიონული უსაფრთხოების ცვალებად კომპლექსურ გარემოში მდებარეობს. ასეთ პირობებში ჩნდება ხოლმე ისეთი ახალი და მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებზეც აუცილებელია სახელმწიფო უწყებების მხრიდან რეაგირება“, – ნათქვამია განცხადებაში.
აღინიშნა, რომ ამ საკითხების ეფექტურად მოგვარებისთვის საჭიროა როგორც ყველა დაინტერესებული მხარის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უფრო მაღალი სტანდარტები, ისე უსაფრთხოების გამოწვევების უფრო სერიოზულად გააზრება.
„ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს პროგრესთან ერთად, ჩვენ მოწადინებული ვართ, ვიმუშაოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა უზრუნველვყოთ საუკეთესო ბალანსი, ერთი მხრივ, გამჭვირვალობისა და უსაფრთხოების ლეგიტიმურ მიზნებს და, მეორე მხრივ, სამოქალაქო საზოგადოების უფლებებსა და თავისუფლებებს შორის“, – აღნიშნულია წერილში.
გუშინ პარლამენტის შენობასთან რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებას აპროტესტებდნენ. აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. შსს-ს განცხადებით, აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმს „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს. ამის საპასუხოდ პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
შსს-ს მონაცემებით, დაკავებულია აქციის 66 მონაწილე, დაშავდა 50 პოლიციელი.
პროტესტის მიზეზი
მმართველი პარტია და კანონპროექტის ავტორები ამტკიცებენ, რომ პროექტის ერთადერთი მიზანი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა, მაშინ, როცა პროექტის მოწინააღმდეგეები ერთხმად აცხადებენ, რომ კანონპროექტების მიღება არის პირდაპირი გადახრა პროდასავლური კურსიდან და ემსახურება ერთ მიზანს – რომ ხელი შეუშალოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას, რაც საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს, რომლის ბიუჯეტის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება.
ერთ-ერთი მთავარი განსხვავება პირველი კანონპროექტისა მეორისგან ის არის, რომ პირველ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს. ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“. ტერმინი „უცხოელი აგენტის“ გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს.
უცხოური აგენტების შესახებ ნებისმიერი კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, აშშ-ის საელჩო, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისია, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა.
უკვე ცნობილია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტოს უფლების გამოყენებას გეგმავს. თუმცა, პარლამენტს ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა აქვს.
„ხალხის ძალა“ ჩამოაყალიბეს „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილმა დეპუტატებმა. ამასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის დეპუტატები საპარლამენტო უმრავლეს