სალომე ზურაბიშვილი: მე თქვენ გვერდით ვარ, ეს კანონი გასაუქმებელია

Sputnik
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადა.
ამ დროისთვის პარლამენტის შენობასთან რამდენიმე ათასი ადამიანია შეკრებილი. ისინი აპროტესტებენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა და პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
„მე ვარ თქვენ გვერდით, რადგანაც დღეს თქვენ წარმოადგენთ თავისუფალ საქართველოს. ის საქართველო, რომელიც თავის მომავალს ხედავს ევროპაში და არავის არ მისცემს უფლებას, რომ წაართვან ეს მომავალი. ეს მომავალი ეკუთვნის ჩვენ შემდეგ თაობებს, ყველას. ეს მომავალი არის ის, რასაც ამზადებდნენ ჩვენი წინა თაობები და რომელსაც ვამზადებდით ჩვენც. არავის არ აქვს უფლება, რომ ეს მომავალი წაგართვან", - განაცხადა ზურაბიშვილმა ნიუ-იორკიდან საზოგადოებისადმი მიმართვისას.
მისი თქმით, კანონპროექტი უნდა გააუქმონ და არა ვენეციის კომისიაში გააგზავნონ.
„მე პირველივე დღიდან ვთქვი, რომ ამ კანონს დავადებდი ვეტოს და დავადებ ვეტოს, არ მაინტერესებს მუხლობრივი მისი განხილვა, არ მაინტერესებს მისი მსგავსება ძველ ამერიკულ კანონთან, რომელიც ძალიან კარგად ვიცით, რომ სულ სხვა რამეს ემსახურებოდა. მე მაინტერესებს მხოლოდ საქართველოს მომავალი, მე მაინტერესებს მხოლოდ ის კონსტიტუცია, რომლის გარანტი ვარ", - განაცხადა პრეზიდენტმა.
პროტესტის მიზეზი
მმართველი პარტია და კანონპროექტის ავტორები, ამტკიცებენ, რომ პროექტის ერთადერთი მიზანი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა, მაშინ როცა პროექტის მოწინააღმდეგეები ერთხმად აცხადებენ, რომ კანონპროექტების მიღება არის პირდაპირი გადახრა პროდასავლური კურსიდან და ემსახურება ერთ მიზანს, რომ ხელი შეუშალოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას, რაც საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაა.
„ქართულმა ოცნებამ“ საპროტესტო აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა>>>
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს, რომლის ბიუჯეტის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება.
პარლამენტი უახლოეს პერიოდში ასევე განიხილავს კანონპროექტის ამერიკულ ვერსიას.
ერთ-ერთი მთავარი განსხვავება პირველი კანონპროექტისა მეორისგან ის არის, რომ პირველ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს (რომელთა ბიუჯეტის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება). ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“. ტერმინი „უცხოელი აგენტის“ გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს.
კობახიძე: ერთადერთი დაზარალებული მხარე რადიკალური ოპოზიციაა>>>
უცხოური აგენტების შესახებ ნებისმიერი კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, აშშ-ის საელჩო, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისია, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა.
უკვე ცნობილია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტოს უფლების გამოყენებას გეგმავს, თუმცა, პარლამენტს ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა აქვს.
„ხალხის ძალა“ ჩამოაყალიბეს „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილმა დეპუტატებმა. ამასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან.