თბილისი, 7 მარტი — Sputnik. არქეოლოგთა საერთაშორისო ჯგუფმა ხეოფსის პირამიდაში ახალი, აქამდე უცნობი სივრცე აღმოაჩინა, იუწყება მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM) პრეს-სამსახური.
ახალი აღმოჩენის უნიკალურობა ისაა, რომ ხეოფსის პირამიდა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე შესწავლილ ნაგებობად მიიჩნევა.
გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვები აღნიშნული სივრცის არსებობის შესახებ ჯერ კიდევ 2016 წელს გაჩნდა, როდესაც იაპონელმა და ფრანგმა ექსპერტებმა რამდენიმე გაზომვა ჩაატარეს. თუმცა მაშინ მისი პოვნა არ მოხერხდა.
საერთაშორისო მისია ScanPyramids-ის მეცნიერებმა კი გადაწყვიტეს პირამიდის თავდაპირველი შესასვლელის თავზე მდებარე სიცარიელეები გამოეკვლიათ. ამისთვის მათ ულტრაბგერითი და ენდოსკოპიური ტექნოლოგიები გამოიყენეს, რათა ქვების მიღმა მათი დაზიანების გარეშე „გაეხედათ“. შედეგად დადასტურდა, რომ იქ ნამდვილად არსებობს დერეფანი, რომელსაც სამკუთხა ჭერი აქვს.
ამასთან გაირკვა, რომ ახალაღმოჩენილი სივრცე იმაზე ბევრად დიდია, ვიდრე ვარაუდობდნენ. პირველადი გაზომვის მონაცემებზე დაყრდნობით მკვლევარები ვარაუდობდნენ, რომ მინიმუმ ხუთი მეტრის სიგრძის დერეფანზე იყო საუბარი, თუმცა ჩატარებულმა სამუშაომ დაადასტურა, რომ აღმოჩენილი დერეფნის სიგრძე 9 მეტრია, ხოლო სიგანე — 2 მეტრზე მეტი.
მეცნიერების თქმით, უცნობ სივრცეში ადამიანის აქტივობის კვალი არ შეიმჩნევა. მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ ამ დერეფანში ადამიანს პირამიდის აგების შემდეგ, უკვე 4500 წელია ფეხი არ დაუდგამს.
ექსპედიციის ხელმძღვანელ ზაჰი ჰავასის თქმით, აღმოჩენილი დერეფნის მიღმა შესაძლოა რაღაც უფრო მნიშვნელოვანი იმალებოდეს.
„არსებობს დიდი ალბათობა, რომ გვირაბი რაღაცას იცავდეს. ჩემი აზრით, მის უკან ფარაონ ხუფუს (ხეოფსის - რედ.) აკლდამა იმალება“, — აღნიშნა მან.
ხეოფსის პირამიდა ეგვიპტის ყველაზე დიდი პირამიდაა. მისი სიმაღლე 146 მეტრია. ის ერთადერთია მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან, რომელიც დღემდეა შემორჩენილი. ექსპერტების თქმით, პირამიდა დაახლოებით 4500 წლისაა. ხეოფსის პირამიდა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია.
წყარო: TUM