თბილისი, 7 მარტი — Sputnik. მიმდინარე წლის თებერვალში ქვეყნის მასშტაბით ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 305 ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, 258 ფაქტი ხეტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 47 კი უკანონო სახერხი საამქროების არსებობის და საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 11 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 118 ფაქტი კახეთში გამოვლინა, ქვემო ქართლში – 44, სამეგრელო–ზემო სვანეთში – 30, იმერეთში დაფიქსირდა 25 სამართალდარღვევა, სამცხე-ჯავახეთში – 16, შიდა ქართლში – 8, აჭარაში – 7, მცხეთა-მთიანეთში – 6, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 2, გურიაშიც 2 სამართალდარღვევა გამოვლინდა.
უწყების ცნობით, ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 274 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხეტყე.
ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 45 ფაქტი. ასევე ამოღებულია ორი ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
საქართველოში 2021 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა „საქართველოს ტყის კოდექსი", რომელიც ტყეების აღრიცხვას და დანიშნულების მიხედვით მათ განსაზღვრას ითვალისწინებს.