თბილისი, 7 მარტი - Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა, რომელიც პარლამენტმა დღეს აირჩია, პირველი განცხადება გააკეთა და პოლიციას უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებისკენ მოუწოდა.
ვითარება რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებისთვის ცნობილი გახდა პარლამენტის მიერ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შესახებ.
ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეთა დარბევა გრძელდება. პოლიციამ გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი.
„სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ იქნას გამოყენებული სპეციალური საშუალებები და არაპროპორციული ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ", - ნათქვამია იოსელიანის განცხადებაში.
იოსელიანის განმარტებით, პოლიციის მხრიდან სპეციალური საშუალებების პროპორციული გამოყენება დასაშვებია კანონიერი მიზნის მისაღწევად, ინტენსივობით გამოსადეგი საშუალების აუცილებლობის ფარგლებში.
„იძულების ღონისძიების სახე და ინტენსიურობა უნდა განისაზღვროს კონკრეტული სიტუაციის, სამართალდარღვევის ხასიათისა და სამართალდამრღვევის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია, სამართალდამცავები შეეცადონ მიყენებული ზიანი მინიმალური და თანაზომიერი იყოს", - ნათქვამია განცხადებაში.
გასათვალისწინებელია, რომ აკრძალულია ისეთი საშუალებების გამოყენება, რომელიც იწვევს სერიოზულ დაზიანებას.
აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებთან არიან კონცენტრირებული. ცრემლსადენი გაზისა და სპრეის შედეგად დაზარალებულებს პირველად დახმარებას ადგილზე მობილიზებული „სასწრაფო დახმარების" ბრიგადები უწევენ. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი ჰოსპიტალიზებულია.
მანამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა სპეციალური განცხადება და როგორც მართლწესრიგისა და მოქალაქეების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა უწყებამ, მოუწოდა აქციის ყველა მონაწილეს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს.
ასევე, შსს-მ მოუწოდა აქციის ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ აქციის არაძალადობრივი ხასიათი.
უწყების ცნობით, პოლიცია ყველა ზომებს მიიღებს, რათა აქციის მსვლელობისას აღკვეთოს სამართალდარღვევის ფაქტები.
პროტესტის მიზეზი
მმართველი პარტია და კანონპროექტის ავტორები, ამტკიცებენ, რომ პროექტის ერთადერთი მიზანი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა, მაშინ როცა პროექტის მოწინააღმდეგეები ერთხმად აცხადებენ, რომ კანონპროექტების მიღება არის პირდაპირი გადახრა პროდასავლური კურსიდან და ემსახურება ერთ მიზანს, რომ ხელი შეუშალოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას, რაც საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს, რომლის ბიუჯეტის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება.
პარლამენტი უახლოეს პერიოდში ასევე განიხილავს კანონპროექტის ამერიკულ ვერსიას.
ერთ-ერთი მთავარი განსხვავება პირველი კანონპროექტისა მეორისგან ის არის, რომ პირველ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს (რომელთა ბიუჯეტის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება). ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“. ტერმინი „უცხოელი აგენტის“ გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს.
უცხოური აგენტების შესახებ ნებისმიერი კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, აშშ-ის საელჩო, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისია, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა.
უკვე ცნობილია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტოს უფლების გამოყენებას გეგმავს, თუმცა, პარლამენტს ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა აქვს.