რა არის და რა იქნება? ანუ ეკონომიკური ზრდის აწმყო და მომავალი

ეკონომიკური ზრდის ტემპი მაღალია. ანალიტიკოსების ვარაუდით, მიმდინარე წელს ქვეყანა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის არსებულ პარამეტრებს შეინარჩუნებს.
Sputnik
წინამდებარე სტატიაში თქვენს ყურადღებას ქვეყნის საფინანსო-ეკონომიკურ სისტემაში მიმდინარე პროცესების რამდენიმე ასპექტზე გავამახვილებ. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, ქვეყანა ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს ინარჩუნებს. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტი 8,4 პროცენტით გაიზარდა. ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სასტუმროები და რესტორნები − ასეთია იმ დარგების ჩამონათვალი, რომლებმაც ეკონომიკურ ზრდაში საგრძნობი წვლილი შეიტანეს.
საანგარიშო პერიოდში კლების ტენდენცია იყო დამამუშავებელი მრეწველობის, პროფესიული, სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობებისა და ენერგეტიკის სექტორებში. საინტერესოა, ეკონომიკური ზრდის კუთხით მიმდინარე წელს რისი მოლოდინი უნდა გვქონდეს?
საგულისხმოა, რომ საკონსულტაციო ჯგუფმა „თიბისი კაპიტალმა“ ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 1,4 პროცენტით გაზარდა. ურიგო არ იქნება ვნახოთ, თუ რას ეფუძნება საკონსულტაციო ჯგუფის ანალიტიკოსთა ოპტიმისტური გათვლები.
ვის ვისი რამდენი მართებს და რატომ?
„გასული კვირის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებაზე მიუთითებს. კერძოდ, უნდა აღინიშნოს ადგილობრივი რეალური ექსპორტის მნიშვნელოვანი მატება და უნაღდო ანგარიშსწორების მონაცემები. სავარაუდოდ, თებერვლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელიც ორნიშნა იქნება. გარდა ამისა, გასული წლის მეოთხე კვარტლის დასაქმების დინამიკა, როგორც ჩანს, მოსალოდნელზე მხოლოდ მცირედით, თუმცა ზრდის ტემპის კუთხით მაინც შედარებით სუსტია. ამასთან, მხედველობაში მისაღებია ისიც, რომ დასაქმების ბაზარზე მიგრაციის ეფექტი მეთოდოლოგიურად ბოლომდე ჯერ ისევ არ არის გათვალისწინებული.
მოლოდინებთან შესაბამისია ფასების სხვადასხვა ინდექსის დინამიკაც. შედეგად, „თიბისი კაპიტალი“ ეკონომიკის ზრდის პროგნოზს 5 პროცენტიდან 6 პროცენტამდე ზრდის“, − აღნიშნულია საკონსულტაციო ჯგუფი „თიბისი კაპიტალის“ ანგარიშში.
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი პროგნოზირებს, რომ მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ეკონომიკური ზრდა 7,2 პროცენტი იქნება. როგორც სტრუქტურის სპეციალისტები აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდა 15 პროცენტი იყო, რაც საკმაოდ მაღალი საბაზო მაჩვენებელია, მიმდინარე წელს მასთან მიმართებით მაინც ზრდის კარგი ტემპი დაფიქსირდება.
არ დავარღვევ ფაბულას და ამჯერადაც დავინტერესდები, რას ეფუძნება პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ამგვარი მოლოდინი. „მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი ემყარება რამდენიმე დაშვებას: პირველი − გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით, ტურიზმის მოცულობა დაახლოებით 2,9-ჯერ გაიზრდება, რაც 2019 წლის პირველი კვარტლის COVID-19-ის პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით 1,1-ჯერ მეტია.
ვინ რას ტირის და ვისი ცრემლების დაიჯერა მთავრობამ?
ამავე პერიოდში გაიზრდება ქვეყნიდან გასული ვიზიტორების რაოდენობაც. კვლავ შენარჩუნდება შიდა ტურიზმის აქტივობა; მეორე − საანგარიშო პერიოდში გაიზრდება კერძო მოხმარებისა და ინვესტიციების მოცულობა, რაც განაპირობებს მთლიანი მოხმარების და ინვესტიციების ზრდას და ეკონომიკური აქტივობის დადებით ტემპს; მესამე − საანგარიშო პერიოდში, მომსახურებით ვაჭრობის მკვეთრ ზრდასთან ერთად, მოსალოდნელია, მნიშვნელოვნად მოიმატოს საქონლით ვაჭრობამაც.
ამავე პერიოდში მთავრობის საინვესტიციო აქტივობების ზრდის პარალელურად, მოხმარებისა და კერძო ინვესტიციების ზრდასთან ერთად, მოსალოდნელია, მნიშვნელოვნად გაიზარდოს საქონლის იმპორტის რაოდენობაც; მეოთხე − გასული წლის მეორე ნახევრიდან მოყოლებული გამოიკვეთა გლობალური ეკონომიკის გაჯანსაღების ტენდენცია. ეს პროცესი კვლავაც გაგრძელდება. ამ ფონზე მოსალოდნელია, გაიზრდოს ექსპორტზე მოთხოვნა, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაბამისად გაიზრდება საქონლის ექსპორტის მოცულობა.
ყველა ამ დაშვების რაოდენობრივი შეფასების შედეგად მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში იმპორტის მოცულობა უფრო მეტად გაიზარდოს, ვიდრე ექსპორტი, ექსპორტის კომპონენტი კი 1,4 პროცენტული პუნქტით განსაზღვრავს ეკონომიკური აქტივობის ცვლილებას, ხოლო აბსორბციის ანუ მოხმარებისა და ინვესტიციების ჯამის კომპონენტი მნიშვნელოვნად გაიზრდება და განაპირობებს მთლიანი შიდა პროდუქტის ცვლილებას 8,6 პროცენტით“, − ნათქვამია პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის შეფასებაში.
რატომ დარჩა უცვლელი რეფინანსირების განაკვეთი?
რაც შეეხება სხვა მაკროეკონომიკური პარამეტრების საპროგნოზო მაჩვენებლებს, ურიგო არ იქნება კვლავაც საკონსულტაციო ჯგუფი „თიბისი კაპიტალის“ შეფასებებებს გადავხედოთ. კომპანიის ყოველკვირეულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ინფლაცია წლის ბოლოს 3,8 პროცენტი იქნება. ეს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ეროვნული ვალუტის კურსზე პოზიტიურად იმოქმედებს. შედეგად, უკვე არსებული თუ მომავალში მოსალოდნელი ძლიერი სავალუტო შემოდინებების არგუმენტის გათვალისწინებით, ლარის გაუფასურება მოსალოდნელი არ არის.
მეორე მხრივ, რეგიონის სახელმწიფოთა ვალუტების მიმართ ლარის საშუალო კურსის გათვალისწინებით, მანამ, სანამ ევრო არ განაგრძობს გამყარებას, ამერიკული დოლარის მიმართ ლარის გამყარებაც ნაკლებად სავარაუდოა და, ამდენად, სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის ჭარბი მიწოდება კვლავ ეროვნული ბანკის გაზრდილ საერთაშორისო რეზერვებში აისახება. და, კიდევ, ეკონომიკის ზრდის გაუმჯობესებული მოლოდინის მიუხედავად, მიმდინარე წლის ბოლომდე მონეტარული პოლიტიკის დაახლოებით 1 პროცენტით შემცირება რეალისტური ჩანს.
მონეტარული პოლიტიკა ვახსენეთ და აქვე იმასაც მოგახსენებთ, რომ საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ხარისხისა და ფულადი გზავნილების მოცულობის მიხედვით შერჩეული 25 ქვეყანიდან მონეტარული პოლიტიკის სიმკაცრით ყველაზე მაღალი რეფინანსირების განაკვეთი − 25 პროცენტი უკრაინაშია. მეორე ადგილზე მოლდოვაა, სადაც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 20 პროცენტია. პირველ სამეულშია ყაზახეთი. აქ რეფინანსირების განაკვეთი 16,75 პროცენტია. მომდევნო ადგილი 13 პროცენტით უნგრეთს უკავია. ხუთეულშია ბელარუსი, სადაც რეფინანსირების განაკვეთი 11,5 პროცენტია. მსოფლიოში კი პირველ ადგილზე რეფინანსირების განაკვეთის 1 პროცენტით შვეიცარიაა. რომელ ადგილზეა ჩვენი ქვეყანა? − ლოგიკურია, ჩამეძიოს მკითხველი. რეფინანსირების განაკვეთის სიდიდით მეექვსე პოზიციაზე ვართ. იმედია, მკითხველს მოეხსენება, რომ 2021 წლის მარტიდან მოყოლებული ერთი წლის განმავლობაში რეფინანსირების განაკვეთი 11 პროცენტამდე გაიზარდა და აგერ უკვე თერთმეტი თვეა უცვლელია.
არის თუ არა ახალი რეკორდი? ანუ რას ითვლიან საბანკო სექტორში
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 29 მარტს გაიმართება და ახალი ნიშნულიც გაირკვევა. თუმცა რატომ ახალი? შესაძლოა ისევ უცვლელად დარჩეს. ჩვენში ახალი ხომ ხშირად ავად თუ კარგად დავიწყებული ძველია? − მიმანიშნებს მკითხველი და მართალიც იქნება. და, ბოლოს, არის ერთი სიახლე, თუმცა ის ქვეყნის მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე მყისიერად ნამდვილად არ აისახება. რა მოხდა? − ჩამეძიება მკითხველი. განვმარტავ: 2 მარტს კობა გვენეტაძეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის 7-წლიანი ვადა ამოეწურა. ქვეყნის პირველი ბანკირი თანამშრომლებს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მოკლე გზავნილით დაემშვიდობა. „მადლობა ყველას, ვისთანაც ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში ვთანამშრომლობდი. განსაკუთრებული მადლობა ეროვნული ბანკის მაღალპროფესიონალთა გუნდს აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის! აბა, წარმატებები ყველას!“ − დაწერა სოციალურ ქსელში კობა გვენეტაძემ. ვინ ჩაიბარებს ეროვნულ ბანკს? ამ კითხვაზე პასუხს უახლოეს მომავალში მივიღებთ. მანამდე კი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი შეასრულებს.
დღეისათვის სულ ეს იყო, უახლოეს დღეებში თებერვლის თვის ინფლაციური პროცესების ანალიზით დაგიბრუნდებით...
სამსონ ხონელი