გამოფენა MTT Wrocław-ის სტუმრები ბათუმის ბულვარის ღირსშესანიშნაობებს გაეცნენ

ტურიზმის მე-14 საერთაშორისო გამოფენაზე აჭარა, როგორც საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული რეგიონი, საგანგებო და მრავალფეროვანი კუთხით იყო წარმოდგენილი.
Sputnik
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. ბათუმის ბულვარი პოლონეთის ქალაქ ვროცლავში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე პირველად წარდგა.
MTT Wrocław-მა სტუმრებს 3-5 მარტის პერიოდში უმასპინძლა, რომელშიც ტურიზმის სფეროს 200-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ბათუმის ბულვარის ღირსშესანიშნაობებსა და უნიკალურ ლანდშაფტს სპეციალურად შექმნილი გზამკვლევის დახმარებით გაცნობოდნენ.
ღონისძიებას, რომელზეც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი იყო წარმოდგენილი, ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და რეგიონის სხვა ხელმძღვანელი პირები.
ბათუმის ბულვარი
ბათუმის ბულვარს საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია აქვს. მისი მშენებლობა 1881 წლიდან დაიწყო. 1987 წლიდან ბულვარი საქართველოს საბაღე-საპარკო ხელოვნების ეროვნული მნიშვნელობის ძეგლია და ამასთანავე სარეკრეაციო ზონას წარმოადგენს. მას ყოველწლიურად ორ მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს. ბულვარის სიგრძე 7 ​​კილომეტრია. არსებული მონაცემებით, ეს შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე გრძელი ბულვარია.