თბილისი, 6 მარტი – Sputnik. ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბერლინში მედიასაშუალებების 200 წარმომადგენლისთვის საქართველოს შესახებ პრეზენტაცია გამართა, იუწყება სამინისტროს პრეს-სამსახური.
პრესტიჟული საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ITB Berlin 2023, რომელსაც საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით ესწრება, დღეს გაიხსნება და 9 მარტამდე გაგრძელდება.
გამოფენა გრანდიოზული ქართული კონცერტით გაიხსნება. კონცერტის ორგანიზატორების თქმით, პროგრამა იქნება მდიდარი და მრავალფეროვანი. საზეიმო გახსნას 180 ქვეყნიდან 2,5 ათასამდე მაღალი რანგის სტუმარი დაესწრება.
პრეზენტაციაზე მიმოიხილეს საქართველოს მნიშვნელოვანი მიღწევები ტურიზმის, ეკონომიკური პოლიტიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და სხვა სფეროებში.
„საქართველოსთვის უდიდესი პატივია წარდგენა ITB Berlin 2023-ზე ოფიციალური მასპინძელი ქვეყნის სტატუსით, რაც არის აღიარება, რომ ტურიზმი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, მსგავსი მნიშვნელოვანი სტატუსის მოპოვება გახდა შესაძლებელი საჯარო და კერძო სექტორს შორის მაქსიმალურად ეფექტური თანამშრომლობით, რაც, თავის მხრივ, ძლიერი ტურისტული ინდუსტრიის დადასტურებაა.
დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ევროპასა და აზიას შორის მდებარე საქართველო ადვილად აერთიანებს სხვადასხვა კულტურის ასპექტებს, ამავე დროს ინარჩუნებს საკუთარ შეუდარებელ იდენტობას.
„საქართველომ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ეკონომიკური განვითარების კუთხით. იგი ჩამოყალიბდა, როგორც დინამიკური ქვეყანა, რომელსაც აქვს ძლიერი ვალდებულება თანამედროვე, კონკურენტუნარიანი ეკონომიკის, ასევე მიმზიდველი ბიზნეს-გარემოს ასაშენებლად ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისთვის“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ავიამიმოსვლის გაუმჯობესებაზე, დასძინა დავითაშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველომ მოახერხა გამხდარიყო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულება მსოფლიოში და მიიღო რეკორდული რაოდენობის ვიზიტორი – ქვეყნის მოსახლეობაზე თითქმის სამჯერ მეტი. შემოსავალმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.
„ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ ქვეყანამ გაატარა ეფექტიანი და სწორი პოლიტიკა და მიაღწია შემდგომ მნიშვნელოვან წარმატებებს ამ მიმართულებით“, – აღნიშნა დავითაშვილმა.
დავითაშვილთან ერთად პრესკონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს Messe Berlin-ის მმართველმა დირექტორმა დირკ ჰოფმანმა, Phocuswright-ის კვლევისა და პროდუქტის სტრატეგიის ვიცე-პრეზიდენტმა ჩარუტა ფადინსმა, გერმანიის ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტმა ნორბერტ ფეიბირგმა, სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა.
საქართველოს ლოზუნგი ITB Berlin 2023-ზე არის „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“.
საზეიმო გალა-გახსნას მაღალი რანგის 181 ქვეყნიდან 2500 სტუმარი დაესწრება. დღესვე, გამოფენის უშუალო გახსნამდე პრემიერ-მინისტრი, როგორც მასპინძელი ქვეყნის ლიდერი, გახსნის ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოების წინაშე წარდგება.
გამოფენის გახსნის ფარგლებში გაიმართება სპეციალური ღონისძიება „უსაზღვრო ქართული კულტურა“, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული კულტურის ისტორია, თანამედროვე ხელოვნება, ეთნო ჯაზი, კლასიკური და ელექტრონული მუსიკა, ქართული ნაციონალური ბალეტი და ა.შ.
საზეიმო გახსნის დღეს სტუმრები ქართულ კულტურას, ტრადიციებსა და სამზარეულოს გაეცნობიან.
საქართველოს ტურისტული სექტორის 80-მდე წარმომადგენელი 950 კვადრატული მეტრი ფართობის საქართველოს სტენდზე პრეზენტაციას გამართავს.
გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის დეგუსტაცია და კულინარიული მასტერ-კლასები გაიმართება, რომელზეც წარმოდგენილი იქნება აგრეთვე ხელნაკეთი ნამუშევრები.
საქართველოს დელეგაცია გახსნის პანელურ დისკუსიას „საქართველოს თავგადასავლები, შესაძლებლობები, შეთავაზებები და გამოწვევები“. გამოფენის ფარგლებში ქართული დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს სესიებში: „მინისტრების მრგვალი მაგიდა - ტრანსფორმაციის ფორმირება გლობალური მასშტაბით“ და „გენდერული თანასწორობა ტურიზმში“.
7 მარტს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაციას გამართავს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, თავის მხრივ, პრეზენტაციას გამართავს საქართველოს საქმიანი ტურიზმის შესახებ.
8 მარტს საქართველო ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე უმასპინძლებს სპეციალურ ღონისძიებას „სათავგადასავლო ტურიზმის აღმოჩენა საქართველოში“. სპიკერები იქნებიან საქართველოს სამთო გიდების ასოციაციის, შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელები და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, თბილისის მერია, ტურისტული ასოციაციები, დანიშნულების მართვის ორგანიზაციები, 44 ტუროპერატორი და 23 სასტუმრო – ჯამში 80-მდე ქართული კომპანია.
კოვიდ-პანდემიამდე ყოველწლიურად გამოფენაზე 181 ქვეყნის 10 ათასზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი. საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას 160 ათასზე მეტი ვიზიტორი, მათ შორის 113.500 ბიზნეს-ვიზიტორი სტუმრობდა. ღონისძიებას საერთაშორისო მედიის 500 წარმომადგენელი აშუქებდა.
ITB Berlin 1966 წლიდან მსოფლიოს წამყვანი ტურისტული გამოფენაა, რომელიც ასახავს საერთაშორისო ტურიზმის განვითარების ყველა ძირითად ტენდენციას. გამოფენა პირველად 1966 წელს გაიმართა და მას შემდეგ მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა.