საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა

საქართველოს ნაკრები 19 მარტს ესპანეთის ქალაქ ბადახოსში, ევროპა რაგბის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან ითამაშებს.
Sputnik
თბილისი, 5 მარტი – Sputnik. საქართველოს ნაკრებმა თბილისში, ავჭალის სტადიონზე ევროპა რაგბის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთის ნაკრები ანგარიშით 31:7 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 14-ჯერ მოიგო. 2018 წლიდან ბორჯღალოსნები პრესტიჟული ტიტულის მუდმივი მფლობელები არიან.
ევროპის ჩემპიონატის ფინალში გასვლის გარდა, ბორჯღალოსნებმა მე-16-ჯერ მოიგეს ანთიმოზ ივერიელის თასი, რომელიც 2002 წლიდან ტრადიციულად ქართული მხარის ინიციატივით საქართველოსა და რუმინეთს შორის იმართება. რუმინელებს ეს თასი ექვსჯერ აქვთ მოგებული.
ქართველი მორაგბეები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისთვის ემზადებიან >>
ქართველმა მორაგბეებმა ავჭალის სტადიონზე პირველი ტაიმი ანგარიშით 17:0 მოიგეს. ბორჯღალოსნებმა მეორე ტაიმიც აქტიურად ჩაატარეს, რამდენიმე ლელო გაიტანეს და სხვაობა გაზარდეს. შედეგად, საქართველოს ნაკრებმა რუმინეთს ანგარიშით 31:7 მოუგო.
ევროპა რაგბის ჩემპიონატის მეორე ფინალისტი 4 მარტს გამოვლინდა - პორტუგალიის ნაკრებმა ლისაბონში ესპანეთი ანგარიშით 27:10 დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
ამრიგად, 19 მარტს, ესპანეთის ქალაქ ბადახოსში, საქართველოს ნაკრები ევროპა რაგბის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან ითამაშებს. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.