ITB Berlin: ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიაში გამოფენის გახსნაზე გაემგზავრა

წელს საქართველო ბერლინის ტურისტულ გამოფენა ITB 2023-ზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება.
Sputnik
თბილისი, 5 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს დელეგაციასთან ერთად გერმანიაში გაემგზავრა, სადაც მსოფლიოში უდიდეს ტურისტულ გამოფენას – ITB Berlin 2023-ს ოფიციალურად გახსნის, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური.
წელს საქართველო ITB Berlin-ზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება. ამ სტატუსისთვის 25 ქვეყანა იბრძოდა. გამოფენა-ბაზრობა ITB Berlin კორონავირუსის პანდემიის შემდეგ რეალურ ფორმატში 7-9 მარტს პირველად გაიმართება.
6 მარტს, გამოფენის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, როგორც ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყნის მეთაური, საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს.
„დაუვიწყარი მოგზაურობის გარანტია“ - ბერლინის გამოფენამ საქართველოს სტატია მიუძღვნა >>
ITB Berlin-ის გამოფენა გრანდიოზული ქართული კონცერტით გაიხსნება. ორგანიზატორების განცხადებით, პროგრამა დატვირთული და მრავალეფეროვანი იქნება. საზეიმო გახსნას დაესწრება 2,5 ათასი მაღალი რანგის სტუმარი მსოფლიოს 181 ქვეყნიდან.
7-9 მარტს გამოფენის მთავარი სცენა საქართველოს, როგორც მასპინძელ ქვეყანას დაეთმობა. საქართველოს ტურისტული სექტორის 80-მდე წარმომადგენელი 950 კვადრატული მეტრი ფართობის საქართველოს სტენდზე პრეზენტაციას გამართავს.
გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის დეგუსტაცია და კულინარიული მასტერ-კლასები გაიმართება, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ხელნაკეთი ნამუშევრები.
საქართველოს დელეგაცია გახსნის პანელურ დისკუსიას „საქართველოს თავგადასავლები, შესაძლებლობები, შეთავაზებები და გამოწვევები“. გამოფენის ფარგლებში ქართული დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს სესიებში: „მინისტრების მრგვალი მაგიდა - ტრანსფორმაციის ფორმირება გლობალური მასშტაბით“ და „გენდერული თანასწორობა ტურიზმში“.
7 მარტს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაციას გამართავს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, თავის მხრივ, პრეზენტაციას გამართავს საქართველოს საქმიანი ტურიზმის შესახებ.
8 მარტს საქართველო ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე უმასპინძლებს სპეციალურ ღონისძიებას „სათავგადასავლო ტურიზმის აღმოჩენა საქართველოში“. სპიკერები იქნებიან საქართველოს სამთო გიდების ასოციაციის, შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელები და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, თბილისის მერია, ტურისტული ასოციაციები, დანიშნულების მართვის ორგანიზაციები, 44 ტუროპერატორი და 23 სასტუმრო – ჯამში 80-მდე ქართული კომპანია.
კოვიდ-პანდემიამდე ყოველწლიურად გამოფენაზე 181 ქვეყნის 10 ათასზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი. საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას 160 ათასზე მეტი ვიზიტორი, მათ შორის 113.500 ბიზნეს-ვიზიტორი სტუმრობდა. ღონისძიებას საერთაშორისო მედიის 500 წარმომადგენელი აშუქებდა.
ITB Berlin 1966 წლიდან მსოფლიოს წამყვანი ტურისტული გამოფენაა, რომელიც ასახავს საერთაშორისო ტურიზმის განვითარების ყველა ძირითად ტენდენციას. გამოფენა პირველად 1966 წელს გაიმართა და მას შემდეგ მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა.
წყარო - მთავრობის ადმინისტრაცია