უკანონო იარაღის ბრუნვა საქართველოში: პოლიციამ სპეცოპერაციის შედეგად 10 პირი დააკავა

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 3-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 4 მარტი – Sputnik. პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ბოლო პერიოდში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მთელი არსენალი ამოიღო, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის, ტარებისთვის და გასაღებისთვის სულ 10 ადამიანია დაკავებული.
დაკავებულთა ასაკი 30-დან 68 წლამდე მერყეობს.
დაკავებები განხორციელდა თბილისში, აჭარაში, ქვემო ქართლში, გურიაში, სამეგრელოში, მცხეთა-მთიანეთში.
განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, კარაბინი, სანადირო თოფები, რევოლვერი, შაშხანა, „ნაგანის" ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდები, ვაზნები, მასრები.
ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე ამხილეს ორი პირი.
გარდა ამისა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და გასაღების ფაქტებზე, 2 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 3-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ასევე, გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ელი, მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს.
წყარო - შსს