თბილისი, 4 მარტი – Sputnik. ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია განცხადება, თითქოს საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების მოწვევა ევროკავშირის ქვეყნების ელჩების დემარშის შედეგად მოხდა, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში
ინფორმაცია პოლონელი ექიმების ჩამოსვლის შესახებ, რომლებმაც სააკაშვილის მდგომარეობა უნდა შეაფასონ, მისმა ადვოკატებმა გაავრცელეს. ამასობაში პოლონურ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ პოლონელი ექიმების ჩამოსვლა მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ევროკავშირის ელჩებმა იუსტიციის სამინისტროს დემარში გადასცეს.
„იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჯერ კიდევ 29 ნოემბერს შესთავაზა პატიმარ სააკაშვილს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმის ჩამოყვანა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
იუსტიციის სამინისტრომ კიდევ ერთხელ გაიმეორა მინისტრ რატი ბრეგაძის სიტყვები, რომ სახელმწიფო დაინტერესებულია სააკაშვილის მკურნალობით და მზად არის მის სამკურნალოდ ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი ჩამოიყვანოს.
კლინიკა „ვივამედის“ ექიმებმა განაცხადეს, რომ ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა წონის კლებისა და სრულფასოვან კვებაზე უარის გამო. ექიმები ამტკიცებენ, რომ სააკაშვილი მხოლოდ იმ კალორიებს იღებს, რაც სიცოცხლის შესანარჩუნებლად არის საჭირო და არა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ და შვედეთის ელჩმა ულრიკ ტიდესტრომმა იუსტიციის მინისტრს 27 თებერვალს ევროკავშირის ქვეყნების ოფიციალური დემარში გადასცეს, რომლებიც შეშფოთებული არიან ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით. ჰერჩინსკის თქმით, დემარშს ბრიუსელში ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო დაეთანხმა.
სააკაშვილის ადვოკატები, ოჯახის წევრები და მისი მხარდამჭერები მოითხოვენ მის გათავისუფლებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილის გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე უარი განაცხადა. მოსამართლე გიორგი არევაძემ უფრო დამაჯერებლად მიიჩნია იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების არგუმენტები, რომლებმაც ეჭვქვეშ დააყენეს სააკაშვილის დაცვის მხარის მიერ მოწვეული ექსპერტების დიაგნოზები.
2 მარტს ეს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დაადასტურა.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.