კანონი იარაღის შესახებ: შსს-ში დაინტერესებულ პირებთან შეხვედრა გაიმართა

კანონპროექტის მიზანია, შემცირდეს ქვეყანაში იარაღის არადანიშნულებისამებრ გამოყენების შემთხვევები.
Sputnik
თბილისი, 3 მარტი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროში დაინტერესებულ პირებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს შეეხებოდა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
შეხვედრას მინისტრი ვახტანგ გომელაური ხელმძღვანელობდა.
უწყების ცნობით, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი იარაღის არადანიშნულებისამებრ გამოყენების შემთხვევების შემცირება და პრევენციაა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნეს საკანონმდებლო სიახლეები. შეხვედრის დროს დეტალურად იქნა განხილული აღნიშნული კანონპროექტის ფარგლებში არსებული შენიშვნები და მოსაზრებები“, — ნათქვამია შსს-ს პრეს-სამსახურის განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით გადამუშავდება და უახლოეს მომავალში წარედგინება საქართველოს პარლამენტს მეორე მოსმენით განსახილველად.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე და სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტების წარმომადგენლები.