ჩაერთეთ პროცესში: განათლების სამინისტრომ სასკოლო სახელმძღვანელოების საჯარო განხილვა დაიწყო

საჯარო განხილვებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მშობლებს, მასწავლებლებს, განათლების სფეროს სპეციალისტებსა და ორგანიზაციებს.
Sputnik
თბილისი, 3 მარტი – Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ XI კლასის ყველა და X კლასის ზოგიერთი სახელმძღვანელოს შეფასებისა და საჯარო განხილვის პროცესი დაიწყო, ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის, მშობლებს, მასწავლებლებს, განათლების სფეროს სპეციალისტებსა და ორგანიზაციებს ექნებათ შესაძლებლობა, ჩაერთონ სახელმძღვანელოების მაკეტების (ანონიმური ეგზემპლარების) შეფასების პროცესში.

„ყველა სახელმძღვანელოს მაკეტი 2 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით გრიფირების ელექტრონულ პორტალზე საჯაროდ იქნება განთავსებული, სადაც ნებისმიერ მსურველს ექნება საშუალება, გაეცნოს მისთვის საინტერესო საგნის/საგნების სახელმძღვანელოების მაკეტების შინაარსს და შესაბამის ველში დატოვოს კომენტარი“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

აღნიშნულ კომენტარებს სახელმძღვანელოების რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფები განიხილავენ, რომლებიც ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტის, პრაქტიკოსი მასწავლებლების, დარგის მეცნიერების, ფსიქოლოგის, ფილოლოგისა და სხვა სპეციალისტებისგანაა დაკომპლექტებული.
„არგუმენტირებული შენიშვნების შემთხვევაში კომენტარების სახით დაფიქსირებული მოსაზრებები სახელმძღვანელოს საბოლოო რეცენზიაში აისახება, რაც, თავის მხრივ, გრიფის მინიჭების პროცესში ავტორისთვის სავალდებულო შესასრულებელი პირობა იქნება“, — აცხადებენ სამინისტროში.
სახელმძღვანელოების რეცენზირების პროცესი 19 ივნისს დასრულდება, ხოლო გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას 2023 წლის 20 ივნისამდე მიიღებენ. რაც შეეხება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სახელმძღვანელოების შერჩევას, ეს პროცესი 22 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით განხორციელდება.
იმ შემთხვევაში, თუ საგანში სამზე მეტი გრიფირებული სახელმძღვანელო გაივლის რეცენზირების ეტაპს, სკოლას ექნება შესაძლებლობა, არჩევანი რეიტინგის პირველი სამეულიდან გააკეთოს.