თბილისი, 2 მარტი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა ინიციატივით, არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს ის პარტიები, რომელთა ქმედებები და განცხადებები ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პრინციპებს ეწინააღმდეგება.
„ევროკავშირში და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში სრული ინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციით გაცხადებული მიზანია. ანტიკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს და აიკრძალოს ყველა იმ პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის პრინციპებს, ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის მიერ არჩეულ გზას“, – ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.
პრეზიდენტის განცხადებას წინ უძღოდა ცხარე დისკუსია პარლამენტში, სადაც უცხოური გავლენის შესახებ კანონები განიხილებოდა.
სამშაბათს პარლამენტის კომიტეტებმა დაიწყეს კანონპროექტის „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ განხილვა. ის არის ამერიკული კანონის ანალოგი და ინიციატორებმა განაცხადეს, რომ პარლამენტს წარუდგინეს ამერიკული ვერსია, რათა ყველა დარწმუნდეს, რამდენად უფრო ლიბერალურია მათ მიერ შემუშავებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“ გააკრიტიკეს ქართულმა ოპოზიციამ, პრეზიდენტმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახურმა და საქართველოში გაეროს წარმომადგენლობამ. კრიტიკოსებმა კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ქართული დემოკრატიისთვის საფრთხე დაინახეს.
კანონპროექტის ავტორები და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები ამტკიცებენ, რომ შემოსავლის წყაროები უნდა იყოს გამჭვირვალე არა მხოლოდ პოლიტიკოსებისთვის, არამედ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც, რომელთა მიზანია საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე გავლენის მოხდენა.
კანონპროექტის ავტორია საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“, რომელიც ჩამოაყალიბეს „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილმა დეპუტატებმა. ამასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან.
კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ამერიკული ვარიანტისგან ერთ-ერთი მთავარი განსხვავებაა ის, რომ უცხოური გავლენის აგენტები შეიძლება იყვნენ მხოლოდ იურიდიული პირები, არასამთავრობო ორგანიზაციები ან მასმედია, რომლის წლიური შემოსავლის მინიმუმ 20%-ის წყარო „უცხოური ძალაა“.
ერთ-ერთი მთავარი განსხვავება პირველი კანონპროექტისა მეორისგან ის არის, რომ პირველ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს. ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“. ტერმინი „უცხოელი აგენტის“ გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს.
კანონის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ის სტიგმატიზაციას მოახდენს და ჩაახშობს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმას, და ამან შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. მეტიც, დასავლელმა პარტნიორებმა გააფრთხილეს საქართველოს ხელისუფლება, რომ ასეთი კანონის მიღება ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დაბრკოლება გახდება.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კანონის მიღების სემთხვევაში ვეტოს უფლების გამოყენებას აპირებს. მაგრამ პარლამენტს ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა აქვს.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ უმრავლესობა აპირებს მხარი დაუჭიროს მხოლოდ პროექტის პრინციპს - მედიის დაფინანსების გამჭვირვალობას, შემდეგ კი ორივე ვარიანტი ვენეციის კომისიას დასკვნისთვის გაუგზავნოს. მხოლოდ დასკვნის მიღების შემდეგ იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება პროექტის მიღების თუ ცვლილების შესახებ.