თბილისი, 2 მარტი – Sputnik. ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარება საქართველოსთვის კარგი რეკლამა იქნება, განაცხადა ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა სპიროს კაპრალოსმა თბილისში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე.
2020 წლის ნოემბერში კურორტ ბაკურიანს 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა.
„საქართველომ 2025 წელს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების ამოცანა დაისახა და მთელი ქვეყანა მოწადინებულია. პრემიერ-მინისტრია მოწადინებული, მას სპორტი უყვარს და ბევრი რამ აქვს სპორტისთვის გაკეთებული. ის კვლავაც ბევრს გააკეთებს სპორტისთვის“, – განაცხადა კაპრალოსმა.
მისი თქმით, 14-18 წლის ასაკობრივ ჯგუფში ევროპის საუკეთესო სპორტსმენები ჩამოვლენ საქართველოში და სპორტის ზამთრის სხვადასხვა სახეობაში იასპარეზებენ. ყველა შეჯიბრება პირდაპირ ეთერში იქნება ნაჩვენები.
„ეს შესაძლებლობას მისცემს საქართველოს იმისათვის, რომ ყველა ევროპელის ოჯახში მოხვდეს სატელევიზიო ეკრანიდან. ეს იქნება ქვეყანის რეკლამა, მისი ტურისტული პოტენციალისა და მშვენიერი ბუნების წარმოჩინება“, – განაცხადა ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ფესტივალი არის უნიკალური შესაძლებლობა საქართველოსთვის, წარმოაჩინოს თავისი კულტურა, ასევე შექმნას პლატფორმა ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის საერთაშორისო დონეზე ასპარეზობისთვის.
როგორც EOC-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბაკურიანში სნოუბორდის, ფრისკისა და ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობას.
კაპრალოსის თქმით, ჩემპიონატი მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოსთვის და ამ ღონისძიების მასპინძლობის შედეგად მიღებული გამოცდილება მნიშვნელოვანი იქნება 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისათვის.
ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის საქართველოში მთელი მსოფლიოდან 1700-მდე სპორტსმენი, მწვრთნელი, მსაჯი და სამედიცინო პერსონალი მოიყრის თავს.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით შექმნა. ესაა რეგიონული საერთაშორისო კომპლექსური სპორტული შეჯიბრებები ახალგაზრდა სპორტსმენებს შორის EOC-ს ასოციაციის 50 ქვეყნიდან. როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის ფესტივალი ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.