თბილისი, 2 მარტი – Sputnik. სახალხო დამცველის პოსტზე ასარჩევად პარლამენტის მოქმედი ვიცე-სპიკერის ლევან იოსელიანის კანდიდატურა საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალურად წარედგინა.
ოპოზიციურმა პარტია „მოქალაქეებმა“ სახალხო დამცველის პოსტზე პარლამენტის ვიცე-სპიკერ ლევან იოსელიანის კანდიდატურა 28 თებერვალს წარადგინა.
ბიუროს გადაწყვეტილებით, იოსელიანის კანდიდატურა განსახილველად ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს გადაეცა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განმარტა, თუ კანდიდატის დასახელების სურვილი სხვა პოლიტიკურ ჯგუფებსაც აქვთ, შეუძლიათ დაასახელონ, ვიდრე საკითხს კომიტეტი განიხილავს და პარლამენტს გადაწყვეტილების მისაღებად გადასცემს.
სპიკერის განცხადებით, სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით პარლამენტი რეგლამენტში გათვალისწინებულ წესს დაუბრუნდა.
სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 2022 წლის დეკემბრის დასაწყისში ამოეწურა. ახალი ომბუდსმენის არჩევა პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე მმართველ ძალასა და ოპოზიციას შორის უთანხმოების გამო ვერ მოხერხდა.
„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას შესთავაზა არჩევანი გაეკეთებინა ხუთი კანდიდატიდან ერთ-ერთზე – ლეილა გაფრინდაშვილს, თინათინ ერქვანიას, ნუგზარ კოხრეიძეს, გიორგი მახარაძესა და ქეთევან ჩაჩავას შორის.
ამავე დროს ოპოზიცია ემხრობოდა გია ბურჯანაძის, ანი აბაშიძის ან ნაზი ჯანეზაშვილის არჩევას.
ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი კანდიდატები მმართველი ძალისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო სხვადასხვა პერიოდში ოპოზიციის საქმიანობის მხარდაჭერის გამო.