თბილისი, 1 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს კირიაკოს მიცოტაკისს საბერძნეთში, ქალაქ ტემპიში მატარებლების შეჯახების შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო სამძიმარს უცხადებს.
მატარებლები ერთმანეთს დაახლოებით შუაღამისას ჯერჯერობით გაურკვეველ გარემოებებში შეეჯახნენ. ათენიდან შემთხვევის ადგილამდე დაახლოებით 200 კილომეტრია. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 36-მდე გაიზარდა, 130-მდე დაშავდა, მათგან 66 საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„სამძიმარს ვუცხადებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს კირიაკოს მიცოტაკისს მატარებლების ტრაგიკული შეჯახების გამო, რასაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ათობით დაშავდა“, – დაწერა ღარიბაშვილმა Twitter-ში.
ჩვენი ლოცვა და ფიქრები ახლა მიმართულია მათკენ, ვისი ახლობლებიც დაიღუპნენ დღეს, გლოვის დროს საქართველო საბერძნეთის გვერდით დგას, აღნიშნა მან.
სამგზავრო მატარებელი ათენი-სალონიკის რეისს ასრულებდა. წინასწარი მონაცემებით, შეჯახების დროს მასში 350 ადამიანი იმყოფებოდა, იტყობინება საბერძნეთის საზოგადოებრივი ტელევიზია ERT.
კომპანია Hellenic Train-ის ვებ-გვერდი სამშაბათს მატარებლის მოძრაობის მუდმივი შეფერხებების შესახებ იტყობინებოდა. კერძოდ, ათენი-სალონიკის მატარებელი 48 წუთის დაგვიანებით გავიდა, ხოლო სალონიკი-ათენის რეისი 70 წუთით გადაიდო.