ქართველი მწვრთნელი გერმანიაში და მისი „პატარა საქართველო“

„ჩვენი ურთიერთობა შედგა და გერმანელი ბავშვებისგან დღემდე დიდ სიყვარულს ვგრძნობ“ - ამბობს გერმანიაში მცხოვრები ჩოგბურთელი ირინა მალაციძე-კონიგი, რომელიც ადგილობრივი ჩოგბურთის გუნდის მოთამაშე-მწვრთნელია.
Sputnik
ამჟამად ქალაქ კიკესჰაუზენში ცხოვრობს. მისი მწვრთნელობის დროს გერმანიის მეტენდორფის გუნდი წელს B კლასიდან A კლასში გადავიდა.
შთამბეჭდავია თავად მისი სპორტული წარმატებები: რამდენიმე წელი საქართველოს ქალთა ნაკრების პირველი ნომერი იყო, ერთეულთა შორის ბულგარეთის ქალთა საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და პოლონეთის საერთაშორისო ტურნირის ვერცხლის პრიზიორი. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მოზარდთა შორის საბჭოთა კავშირის ოთხზის ჩემპიონი გახდა როგორც გუნდურ, ასევე ერთეულთა თანრიგში.
ირინა მალაციძე
- ქალბატონო ირინა, როგორც ვიცი, ჩოგბურთზე არჩევანი შემთხვევით არ გაგიკეთებიათ.
- ჩემი მშობლები ძალიან მომთხოვნი იყვნენ და ამიტომ მე და ჩემი და სპორტზე მხოლოდ ჯანმრთელობისთვის არ დავდიოდით, საკმაოდ მონდომებით და ბევრს ვვარჯიშობდით. თბილისში ისეთ ეზოში გავიზარდე, სადაც საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი სოლომონ თუხარელი და მისი და, ქართველი ჩოგბურთელი ნინო თუხარელი ცხოვრობდნენ. ჩოგბურთის კორტებიც ახლოს იყო, ახლა რომ იუსტიციის სახლია, იმ ადგილზე. იმ დროისათვის ჩოგბურთი და საერთოდ სპორტის ყველა სახეობა უფასო იყო და უამრავი ბავშვი იყო ვარჯიშით დაკავებული. ბევრს ვვარჯიშობდით. მეც და ჩემი დაც წლების განმავლობაში მოსწავლეთა შორის ჩვენ ასაკში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონები ვიყავით. საქართველოს ქალთა ნაკრებშიც მოვხვდი, შემდეგ ორივე სპორტის ოსტატები გავხდით.
ირინა მალაციძე საქართველოში სპორტული შეჯიბრების დროს
- გერმანიაში როგორ დაიწყეთ სპორტული საქმიანობა?
- ჯერ იმას გეტყვით, რომ გერმანიაში გადმოსვლა იმის გამო მომიწია, რომ მეუღლე გერმანელია. პირველი ექვსი თვე ჩემთვის კოშმარი იყო. გერმანული ენის მესამე საფეხურის სერტიფიკატი უნდა ამეღო, გადამებარებინა მართვის მოწმობა და მხოლოდ ამის შემდეგ შემეძლო სამსახურის დაწყება ჩემი სპეციალობით. ეს ყველაფერი მეუღლის დახმარებით მოვახერხე. იგი გერმანული ენის პედაგოგია და ექვს თვეში უკვე მზად ვიყავი. რაც შეეხება სპორტულ საქმინობას, როგორც ყველა პროვინციულ ქალაქში, აქაც ხმები მალე ვრცელდება და ერთ საღამოს ჩემს სახლში იყო ზარი, მეტენდორპის კლუბს 25 წელი უსრულდებოდა და მთხოვეს, რომ მასტერ-კლასი ჩამეტარებინა. შემდეგ კი ვეტერან ქალთა გუნდი მევარჯიშებინა. ერთი წლის შემდეგ შედეგმა არ დააყოვნა და დღეს ამ გუნდის მოთამაშე მწვრთნელი ვარ. ამას გარდა ქალაქ მეტენდორფში 40 წლის ზევით ვეტერანთა ჩობურთის გუნდისაც, რომლის ასევე მოთამაშე მწვრთნელი ვარ.
ირინა მალაციძე გერმანელ მეუღლესთან ერთად
- თავიდან გამიჭირდაო, მითხარით, და დღეს როგორ გრძნობს თავს ქართველი პრაგმატულ გერმანელებს შორის?
- ვერ წარმომედგინა, რომ კანონმორჩილი და პრაგმატული გერმანელები ასეთი თბილი, მეგობრული და ყურადღებიანი აღმოჩნდებოდნენ. ჩემი მეუღლე ამბობს ხოლმე, ირინამ აქ პატარა საქართველო მოიწყოო. ჩემმა თანაგუნდელებმა საქართველოს შესახებ ზოგადი ფაქტები იცოდნენ, მაგრამ ვეცადე, რომ მათთვის უფრო მეტი ინფორმაცია მიმეწოდებინა. დღეს უკვე დაუსწრებლად უყვართ ჩვენი ქვეყანა და დიდი სურვილი აქვთ, რომ ჩემთან ერთად საქართველოში იმოგზაურონ.
ნინო მამულაშვილი