კონკურენციის სააგენტო: წამლების გაძვირების საკითხი ამოწურულია

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ სამკურნალო საშუალებათა ბაზარზე ფაქტის წინასწარი შესწავლა დაიწყო
Sputnik
თბილისი, 28 თებერვალი - Sputnik. საქართველოში მედიკამენტების გაძვირების საკითხი მოგვარებულია, თუმცა კონკურენციის ეროვნული სააგენტო ფარმაცევტული ბაზრის შესწავლას გააგრძელებს, განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ.
ჯანდაცვის სამინისტრომ გასულ კვირაში ფარმაცევტული კომპანიების ნაწილი რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ თურქეთიდან იმპორტირებულ მედიკამენტებზე ფასების ხელოვნურ ზრდაში დაადანაშაულა. ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაში, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ამჟამად ბაზრის ადაპტაცია მიმდინარეობს და კომპანიები კანონის ყველა პირობას იცავენ, ხოლო კონკრეტულ შემთხვევაში ფასის მატება შესასყიდი ფასის მატებას უკავშირდება.
„საკითხი რამდენიმე დღეში ამოიწურა და ფასები დაკორექტირდა, დაუბრუნდა საწყის მაჩვენებელს, თუმცა კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო თავად ქმედების წინასწარი შესწავლა იმ მედიკამენტების ბაზრებზე, სადაც რამდენიმე კომპანიის მხრიდან ერთდროულად მოხდა ფასის მკვეთრი ზრდა“, - განაცხადა ლექვინაძემ.
მისი თქმით, შესწავლის პროცესში დომინანტური კომპანიების გამოვლენის შემთხვევაში ფასების მსგავსი მომატება შეფასდება როგორც სიტუაციის არასათანადოდ გამოყენება ჭარბი ფასის დაწესების კუთხით ან ერთობლივი შეთანხმებული ქმედება.
„მოვუწოდებთ ყველა ფარმაცევტულ კომპანიას, მომავალში მსგავსი ტიპის ფაქტები იქნას მინიმალიზებული და განეიტრალებული, ანუ მოერიდონ ფასების მკვეთრ ზრდას რიგ მედიკამენტებზე, მიუხედავად იმისა, ხვდება თუ არა რეფერენტულ სიაში. ნებისმიერი მსგავსი ტიპის ქმედება შესაძლოა, არ იყოს თანხვედრაში კონკურენციის კანონმდებლობასთან“, - განაცხადა ლექვინაძემ.
მისი თქმით, ბაზარზე მოქმედებს სამი მსხვილი ჰოლდინგური ჯგუფი რომელიც, მათ შორის, დაკავებულია იმპორტით, დისტრიბუციით, ფლობს კლინიკებს, სააფთიაქო ქსელებს და სადაზღვევო კომპანიებს და დაინტერესებულია არა მომხმარებლისთვის საუკეთესო არჩევანის მიწოდებით, არამედ მოგებით.
საქართველომ ფარმაცევტული პროდუქციით საბითუმო ვაჭრობის ახალი წესები შემოიღო >>
„მათი მთავარი ინტერესი არ არის, მომხმარებელს გაუჩინონ ფართო არჩევანი და კონკურენცია იყოს მედიკამენტებთან მიმართებით. უფრო მეტად მათი მიზანია, მოგების მიღება კონკრეტული მედიკამენტების რეალიზების მიზნით“, - განაცხადა ლექვინაძემ.
მისი თქმით, სწორედ ჰოლდინგური კომპანიების შესაძლო შეთანხმებული ქმედებების საკითხი გახდება კონკურენციის სააგენტოს შესწავლის საგანი.
„ფაქტია, რამდენიმე მსხვილი კომპანიის მხრიდან ერთდროულად მოხდა რიგ მედიკამენტებზე ფასების ზრდა, ამ შემთხვევაში თურქეთიდან იმპორტირებულ მედიკამენტებზე ფასის მკვეთრი ზრდა. წინასწარ თქმა გამიჭირდება, ეს შეთანხმების შედეგი იყო თუ, უბრალოდ, ერთგვარი მარკეტინგული პროცესი. ამას სჭირდება შესაბამისი მოკვლევა“, - განაცხადა ლექვინაძემ.
სკანდალი წამლების ფასებთან დაკავშირებით: კონკურენციის სააგენტო ბაზარს სწავლობს >>
მედიკამენტების ფასები ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია საქართველოში. ხელისუფლებამ ფასების შესამცირებლად შარშან თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანა გაამარტივა, მიმდინარე წელს კი 15 თებერვლიდან ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების მექანიზმი გაააქტიურა. სია მოგვიანებით გაფართოვდება.
რეფერენტული ფასების შემთხვევაში სახელმწიფო განსაზღვრავს საშუალო საბითუმო და საცალო ფასებს სააფთიაქო მარკირების გათვალისწინებით, წამლის საბითუმო ღირებულებიდან გამომდინარე. სხვა მედიკამენტებზე ფასებს თავად ფარმაცევტული კომპანიები ადგენენ.
ჯანდაცვის სამინისტრომ საპილოტო რეჟიმში აამოქმედა მედიკამენტების მიმოქცევის მონიტორინგის ელექტრონული სისტემა.
ამ სისტემაში გროვდება ინფორმაცია წამლების ბრუნვის, მარაგის, საცალო და საბითუმო ფასების შესახებ ქვეყანაში, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს წარუდგენენ კომპანიები, რომლებიც ფარმაცევტული პროდუქციით ვაჭრობენ.
ახალი წესების დამრღვევი 15 მარტამდე გაფრთხილებას მიიღებს, შემდეგ კი 5 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრება.