ქართველი მაშველები თურქეთიდან სამშობლოში სპეციალური ჩარტერული რეისით ჩამოფრინდნენ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად ქალაქ ადიამანში, სტიქიის პირველივე დღეს გაემგზავრნენ.
Sputnik
თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა თურქეთში მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო მისია დაასრულეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრები მოხდა, რამაც უზარმაზარი მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვია. ბევრი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრას ემსხვერპლა 43,5 ათასზე მეტი ადამიანი. დაზარალებულ 11 პროვინციაში 118 ათასზე მეტი შენობა დაინგრა ან გამოცხადდა ავარიულად და მათი დანგრევა მოხდება.
ქართველი მაშველები თურქეთიდან სამშობლოში სპეციალური ჩარტერული რეისით ჩამოფრინდნენ.
ქართველი მაშველები სამშობლოში დაბრუნდნენ
საქართველოში დაბრუნებულ მაშველებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი და თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი, რომლებმაც სამაშველო ჯგუფის წევრებს თურქეთში გამოჩენილი თავდადებისთვის მადლობა გადაუხადეს.
გომელაური: გულით ვაკეთებთ და ბევრი შეგვიძლია ნამდვილად>>
ქართველ მაშველთა ნაწილი, სამაშველო აღჭურვილობითა და ტექნიკით, სახმელეთო გზით დაბრუნდება სამშობლოში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები თურქეთში, ქალაქ ადიამანში, სტიქიის პირველივე დღეს გაემგზავრნენ, როტაციის შემდეგ კი ჰათაის პროვინციის ქალაქ ანთაქიაში განაგრძეს სამაშველო ოპერაცია.
საქართველოდან მეზობელ ქვეყანაში 60 ადამიანისგან შემდგარი პირველი სამაშველო ჯგუფი გაიგზავნა. 8 თებერვალს მათ კიდევ 40 მაშველი დაემატა.
საერთო ჯამში, მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში 200-მდე მაშველი მონაწილეობდა.
ქართველმა მაშველებმა სამი ადამიანის გადარჩენა და მათი ნანგრევებიდან ამოყვანა შეძლეს, სამწუხაროდ, ნანგრევებიდან ასევე 80-ზე მეტი გარდაცვლილი ამოიყვანეს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს