გელათის სამონასტრო კომპლექსში სარესტავრაციო სამუშაოებს საპატრიარქო უხელმძღვანელებს

სარესტავრაციო სამუშაოებისთვის საჭირო ყველა ფინანსურ რესურსს კულტურის სამინისტრო საპატრიარქოს გადასცემს.
Sputnik
თბილისი, 25 თებერვალი - Sputnik. გელათის სამონასტრო კომპლექსის სარესტავრაციო სამუშაოებს საქართველოს საპატრიარქო უხელმძღვანელებს, განაცხადა საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
საუბარია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეტანილი ტაძრის უნიკალური ფრესკების გადარჩენაზე.
„შევთანხმდით რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში პრობლემების აღმოფხვრის პროცესს, კონსერვაციის პროცესს და რესტავრაციის პროცესს, როცა ამის დრო დადგება, როგორც კედლის მხატვრობას, ასევე გადახურვას სრულად სათავეში ჩაუდგეს საქართველოს საპატრიარქო და სამინისტრო აღარ იყოს ამ პროცესში წამყვანი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, სამინისტრო ყველა ფინანსურ რესურსს, რომელიც თავად უნდა დაეხარჯა სარესტავრაციო სამუშაოებში, საქართველოს საპატრიარქოს გადასცემს.
გარდა ამისა, კულტურის მინისტრმა აღნიშნა, რომ გელათის სამონასტრო კომლექსთან დაკავშირებით დისკუსიის პლატფორმა და ფორმატი საქართველოს საპატრიარქოს ხელმძღვანელობაში გადავა.
„იქ დისკუსიაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ყველა პროფესიონალს ექნება და იმედი მაქვს ისინი დისკუსიაში პოლიტიკის გარეშე მიიღებენ მონაწილეობას, რადგანაც საპატრიარქოში პოლიტიკური ელემენტის შეტანას ვერავინ შეძლებს", - განაცხადა წულუკიანმა.
გელათის საკითხზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გადაიდო>>>
იუნესკომ დადებითად შეაფასა 2021 წელს კულტურის სამინისტროს მიერ გელათის პრობლემებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნა და მის ფარგლებში მუშაობა და თავის დასკვნაში სახელმწიფოს პროცესის განახლებისკენ მოუწოდა.
თავის მხრივ, საქართველოს საპატრიარქო უკმაყოფილო დარჩა გელათის სამონასტრო კომპლექსში ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენის სამუშაოებით და რესტავრაციის ჩატარება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, მართვის ერთიანი გეგმით მოითხოვა.
მოვლენები გელათის ირგვლივ
გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი ქუთაისში — საქართველოში შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, საეკლესიო და კულტურული ცხოვრების ცენტრი, XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან 1814 წლამდე კათოლიკოსის რეზიდენცია, 1994 წლიდან — მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.
დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის მიერ და ის მისი განსასვენებელი გახდა. წმინდა ღვთისმშობლის ტაძარში დავით აღმაშენებლის უნიკალური ფრესკაა დაცული.
საქართველოს ხელისუფლებამ კომპლექსის რესტავრაცია 2017 წელს დაიწყო. პრობლემები ტაძარში 2020 წლის მარტში გამოჩნდა, როდესაც შემოწმებამ გამოავლინა, რომ კრამიტით გადახურულ აღდგენილ სახურავში წყალი ჟონავდა. წყალმა დააზიანა ფრესკები ტაძრის დასავლეთ ფრთაში.
გამოქვეყნდა იუნესკოს ანგარიში გელათის თემაზე - მთავარი რეკომენდაციები>>>
უნიკალური ფრესკების გადასარჩენად კრამიტი მოხსნეს და ტაძარი დროებითი, თუნუქის სახურავით გადახურეს. 2021 წლის იანვარში ძლიერმა ქარმა დროებითი სახურავის ნაწილი მოხადა და წყალმა კვლავ დააზიანა ფრესკები.
დროებით გადახურვასაც და სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში დასავლეთ მკლავის კამარის დაზიანებული კედლის მხატვრობის გადასარჩენად კვლევებზე დაფუძნებული მეთოდის გამოყენებით ჩატარებულ სამუშაოებსაც სპეციალურად ამ მიზნით კულტურის სამინისტროს მიერ მოწვეული UNESCO-ს ექსპერტთა ჯგუფი ზედამხედველობდა (ძეგლის გადახურვის სპეციალისტები – პროფესორი უგო ტონიეტი და სარა სტეფანინი, კლიმატოლოგი ალესანდრო მასარი და კედლის მხატვრობის სპეციალისტი მარიო პულიერი).
უწყებაში ადასტურებენ, რომ ამჟამად ტაძარში წყლის ინფილტრაცია სრულად აღმოფხვრილია და კედლის მხატვრობის ჩამოშლაც – შეჩერებული. ამასთან, ოპტიმალურად მიმდინარეობს კედლების შრობის პროცესი მას შემდეგ, რაც იუნესკოს სპეციალისტების რჩევით ტაძრის სახურავის ერთი ნაწილიდან მოიხსნა მოჭიქული კრამიტი და ნესტის აორთქლება ზემოდანაც გახდა შესაძლებელი.