თბილისი, 25 თებერვალი - Sputnik. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი იოჰან ელიაში აღფრთოვანებულია ბაკურიანში სნოუბორდში, ფრისტაილსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებით, ამის შესახებ მან საქართველოს სათხილამურო კურორტის ინფრასტრუქტურის დათვალისერებისას განაცხადა.
საქართველოში ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც ქვეყანა პირველად მასპინძლობს, 5 მარტამდე გაგრძელდება. ჩემპიონატის გახსნის ცერემონია 18 თებერვალს გაიმართა. მეორე დღეს კი შეჯიბრებები დაიწყო და სხვადასხვა დისციპლინაში პირველი ფინალებიც ჩატარდა.
„დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. ეს ადასტურებს, რომ არა მხოლოდ ცენტრალურ ევროპაში, არამედ საქართველოშიც შეიძლება მოეწყოს ასეთი შესანიშნავი ტურნირი”, - განაცხადა ელიაშმა.
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტის აზრით, საქართველოს მთებს დიდი პოტენციალი აქვს, რადგან აქ ვარჯიში ზაფხულის თვეებსა და სეზონის დასაწყისში შეიძლება - ზუსტად მაშინ, როცა ადამიანებს სავარჯიშოთ სხვა ნახევარსფეროში უწევთ გამგზავრება.
„საქართველო უფრო ახლოსაა. სათხილამურო ტრასები და თოვლის ხარისხი ფანტასტიკურია, ამიტომ ვხედავ აქ დიდ პოტენციალს. ცხადია, ჩვენ შეგვიძლია დავბრუნდეთ და მეტი ღონისძიებები ჩავატაროთ მსოფლიო ჩემპიონატის ტურნირის ფარგლებში”, - განაცხადა ელიაშმა.
ეს შესანიშნავი პიარია ქვეყნისთვის და ზოგადად, ტურიზმის პოპულარიზაციისთვის, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, აღნიშნა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა.
მსოფლიო ჩემპიონატი, რომელშიც 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი მონაწილეობს, საქართველოში იმართება ქვეყნის მთავრობის, მთის ტრასების სააგენტოსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის მხარდაჭერით.
მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში იმართება ქვეყნის მთავრობის, მთის ტრასების სააგენტოსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის მხარდაჭერით.
საქართველოს მთავრობამ ბაკურიანში პრესტიჟული პირველობის ორგანიზებისთვის 270 მლნ ლარი გამოყო.