გომელაური: გულით ვაკეთებთ და ბევრი შეგვიძლია ნამდვილად

ქართველი მაშველები თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში პირველივე დღეებიდან ჩაერთვნენ.
Sputnik
თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. საქართველო შეიძლება პატარა ქვეყანაა, მაგრამ გულით აკეთებს და ამიტომ ბევრი რამ შეუძლია, ყოველთვის მზადაა დასახმარებლად, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თურქეთში ყოფნისას, სადაც ქართველ მაშველებს შეხვდა.
საქართველო პირველივე დღეებიდან ჩაერთო თურქეთში მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში, რომელმაც 43,5 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

„ისინი ჩვენი მეგობრები, მეზობლები, ჩვენი ძმები და დები არიან, ყოველთვის გვეხმარებიან, როცა გვიჭირს. ჩვენც ყოველთვის მზად ვართ, გვერდში დავუდგეთ, რაც არ უნდა მოხდეს. შეიძლება პატარა ქვეყანა ვართ, თუმცა გულით ვაკეთებთ და ბევრი შეგვიძლია ნამდვილად“, – განაცხადა გომელაურმა.

მან მადლობა გადაუხადა ქართველ მაშველებს, რომლებიც მიწისძვრის შემდეგ თავდაუზოგავად მუშაობენ თურქეთში.
„სამი ადამიანი გადაარჩინეს, ცოცხლები ამოიყვანეს. სამწუხაროდ, თუ არ ვცდები, 85 დაღუპული ამოასვენეს ნანგრევებიდან. ჩვენი მაშველები გამოცდილები და მაღალ დონეზე მომზადებულები არიან. მე ამაყი ვარ, მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, თითოეულ მათგანს. ამაყი ვარ, როდესაც გვეუბნებიან – „მადლობა, თქვენმა ბიჭებმა ძალიან მაგრად იმუშავეს“, – განაცხადა გომელაურმა.
მადლობა პირადად მაშველებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც გადაუხადა.
6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრები მოხდა, რამაც უზარმაზარი მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვია. ბევრი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრას ემსხვერპლა 43,5 ათასზე მეტი ადამიანი. დაზარალებულ 11 პროვინციაში 118 ათასზე მეტი შენობა დაინგრა ან გამოცხადდა ავარიულად, რომლებსაც დაანგრევენ.
ღარიბაშვილმა ერდოღანს საქართველოს მხარდაჭერა დაუდასტურა>>
საქართველო თურქეთს ტრაგედიის პირველივე დღიდან ეხმარება – იმავე დღეს საქართველოდან მეზობელ ქვეყანაში 60 ადამიანისგან შემდგარი პირველი სამაშველო ჯგუფი გაიგზავნა. 8 თებერვალს მათ კიდევ 40 მაშველი დაემატა. ქართველმა მაშველებმა ნანგრევებიდან არაერთი ადამიანი ამოიყვანეს.
გარდა ამისა, საქართველოდან თურქეთში 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა.
საქართველოს მთავრობამ თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით 1 მლნ ლარი 10 თებერვალს გამოყო. თანხა დახმარებისთვის ასევე შეგროვდა საქართველოს პარლამენტში.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს