თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. თურქეთში ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიწისძვრით დაზარალებულ ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში ჩავიდა, სადაც ქართველ მაშველებს შეხვდება, რომლებიც მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში არიან ჩართული.
6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრები მოხდა, რამაც უზარმაზარი მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვია. ბევრი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრას ემსხვერპლა 43,5 ათასზე მეტი ადამიანი. დაზარალებულ 11 პროვინციაში 118 ათასზე მეტი შენობა დაინგრა ან გამოცხადდა ავარიულად და მათი დანგრევა მოხდება.
მთავრობის მეთაური ასევე ეწვევა თურქეთის რესპუბლიკის კრიზისული სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის საკოორდინაციო ცენტრს.
საქართველო თურქეთს ტრაგედიის პირველივე დღიდან ეხმარება – იმავე დღეს საქართველოდან მეზობელ ქვეყანაში 60 ადამიანისგან შემდგარი პირველი სამაშველო ჯგუფი გაიგზავნა. 8 თებერვალს მათ კიდევ 40 მაშველი დაემატა. ქართველმა მაშველებმა ნანგრევებიდან არაერთი ადამიანი ამოიყვანეს.
გარდა ამისა, საქართველოდან თურქეთში 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა.
საქართველოს მთავრობამ თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით 1 მლნ ლარი 10 თებერვალს გამოყო. აღნიშნული თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გადაერიცხა, რომელმაც მიწისძვრით დაზარალებული თურქეთის მოსახლეობისთვის მედიკამენტები და პირველადი საჭიროების ნივთები შეიძინა. დაზარალებულებისთვის ჰუმანიტარული ტვირთი ცალკე საქართველოს პარლამენტმაც შეაგროვა.
ორშაბათს, 20 თებერვალს პრეზიდენტმა ერდოღანმა პირადად გადაუხადა მადლობა თურქეთში სხვადასხვა ქვეყნებიდან მობილიზებულ სამაშველო ჯგუფებს, რომლებიც მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში არიან ჩართული, მათ შორის, ქართველ მაშველებს.