მსოფლიო დღეს

ბორელი: რუსეთთან დიალოგი უსარგებლოა, ისინი სხვა პლანეტაზე ცხოვრობენ

Sputnik
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. რუსეთს ევროკავშირზე „სრულიად გაუკუღმართებული“ წარმოდგენა აქვს, განაცხადა ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის ვასილი ნებენზიას უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლის შემდეგ.
ბორელის თქმით, რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის წარმოებას აზრი არ აქვს, ვინაიდან რუსეთის წარმომადგენლები „სხვა პლანეტაზე, ან პარალელურ რეალობაში ცხოვრობენ“.

„ჩვენ საქმე გვაქვს სურათთან, რომელიც ეხება არა პოლიტიკას, არამედ იმას, რასაც ორუელი ახალ მეტყველებას უწოდებდა — რომელიც ამახინჯებს რეალობას და რაც პოლიტიკურ დიალოგს, გულწრფელად რომ ვთქვათ, უსარგებლოს ხდის“, — განუცხადა ბორელმა ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, შეუძლებელია დიალოგი იმ ადამიანებთან, რომლებიც ფაქტებს იმგვარად წარმოადგენენ, როგორც ეს რუსეთის ელჩმა ნებენზიამ წარმოადგინა, „როდესაც ის საუბრობდა, მაგალითად, დასავლეთის მორალურ გარყვნილებებზე, რომელიც აიძულებს კაცებს, გახდნენ ქალები და პირიქით“.
ბორელს ნებენზიას მიერ გამოთქმული მოსაზრებები „სრულიად დამახინჯებული რეალობის ნაწილად“ მიაჩნია, რაც რუსეთთან „გონივრული პოლიტიკური დისკუსიის“ შესაძლებლობას გამორიცხავს.

„მეჩვენება, რომ ისინი სხვა პლანეტაზე, ან პარალელურ რეალობაში ცხოვრობენ და მიმაჩნია, რომ მათთან, ვინც ფაქტებს ასე წარმოაჩენს, რაიმეს განხილვა თითქმის შეუძლებელია და უსარგებლო“, — დაასკვნა ბორელმა.

ვასილი ნებენზიამ გაეროში სიტყვით გამოსვლისას, კერძოდ, თქვა, რომ ევროკავშირი „მონასავით ხოხავს“ (раболепствует) შეერთებული შტატების წინაშე და ცდილობს დამალოს „ჩრდილოეთის ნაკადების“ დივერსია. მისი თქმით, ევროპის დედაქალაქებში მსჯელობენ, რა გზით სჯობს რუსეთის დაშლა და განადგურება. გარდა ამისა, ნებენზიამ მოუწოდა ევროპას, „არ მიეძალოს რუსეთს“ თავისი არატრადიციული ღირებულებებით.