„ხალხის ძალა": ევროკავშირი სააკაშვილის რეჟიმის სტანდარტებით მოქმედებს

შემაშფოთებელი მდგომარეობა კარგად ჩანს ევროპარლამენტის მაგალითზე, რომელმაც საქართველოს შესახებ მიიღო სამი რეზოლუცია, რომლებიც „ერთმანეთზე უარესი სიყალბით არის გაჯერებული“, მიაჩნია „ხალხის ძალას“.
Sputnik
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. ევროკავშირს, რომელიც საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის სტანდარტებით მოქმედებს, არაფერი აქვს საერთო ევროპულ ოჯახთან, რომლის წევრობაზეც ჩვენ ათწლეულების მანძილზე ვოცნებობდით, ნათქვამია საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაში.
„ხალხის ძალა“ 2022 წლის აგვისტოს დასაწყისში პარლამენტის ოთხმა დეპუტატმა – სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა დააარსეს. მიუხედავად იმისა, რომ მათ მმართველი პარტია დატოვეს, მათთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობაში მაინც დარჩნენ.
ევროკავშირში შექმნილი ღირებულებითი, პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი საქართველოსთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია, განაცხადეს მოძრაობის წევრებმა.
რა პირობებში მოუწევს საქართველოს თავის დაცვა ევროპისგან - დეპუტატის მოსაზრება>>>
მათი თქმით, მედიისა და სიტყვის თავისუფლება, სიმართლე და სამართლიანობა, აგენტურისგან თავისუფალი სუვერენული სახელმწიფოებრიობა არის ის ღირებულებები, რომლისთვისაც 2012 წელს იბრძოდნენ და რომელთა მოსაპოვებლად საქართველო „სააკაშვილის აგენტოკრატიული ავტორიტარული რეჟიმისგან გავათავისუფლეთ“.

„გამაოგნებელია, როდესაც ვხედავთ, თუ როგორ ართმევენ ევროპას ამ ღირებულებებს, რის გამოც მისი მომავალი ძალიან რთულად განჭვრეტადი ხდება. სააკაშვილის რეჟიმის სტანდარტებით მოქმედ ევროკავშირს არაფერი აქვს საერთო იმ ევროპულ ოჯახთან, რომლის წევრობაზეც ათწლეულების მანძილზე ვოცნებობდით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ჩვენ ვხედავთ, რომ დემოკრატია, ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, რაც ათწლეულების მანძილზე ევროპის მთავარი მიღწევა იყო, დღეს უკიდურესად დაკნინებულია, აღნიშნავენ „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები.
განცხადების ავტორების აზრით, ეს შემაშფოთებელი მდგომარეობა კარგად ჩანს ევროპარლამენტის მაგალითზე, რომელმაც ბოლო თვეების მანძილზე საქართველოს შესახებ მიიღო სამი რეზოლუცია, რომლებიც „ერთმანეთზე უარესი სიყალბით არის გაჯერებული“.
ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციაში იყო მოწოდებები მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ.
„ისინი მოითხოვენ კრიმინალების სასჯელისგან გათავისუფლებას და ბიძინა ივანიშვილის დასჯას... როდესაც ევროპარლამენტი ამ მასშტაბის სიყალბეს ტირაჟირებს, ეს ევროკავშირში შექმნილ უმძიმეს მდგომარეობაზე მეტყველებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
„ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ევროპარლამენტში სისტემურ პრობლემებზე განაცხადა>>>
ბოლო წლის განმავლობაში ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ სამი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. უკანასკნელ რეზოლუციაში საუბარია ქვეყნის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გაუარესებაზე და ამასთან დაკავშირებით ხელისუფლების არაადეკვატურ რეაგირებაზე. თუ ვითარება არ შეიცვლება, ეს კვლავ დააზარალებს საქართველოს რეპუტაციას და დააბრკოლებს მის პერსპექტივას, მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ნათქვამია დოკუმენტში.
მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“ განაცხადეს, რომ რეზოლუცია პოლიტიკურად მოტივირებულია და არის პირდაპირი ზეწოლა ხელისუფლებაზე. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დოკუმენტს ცინიზმის მწვერვალი უწოდა.