ვის ვისი რამდენი მართებს და რატომ?

ქვეყანა ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას ინარჩუნებს, ინფლაცია იკლებს, ლარი მყარდება, მაგრამ ამ ვითარებაში მსესხებელთა დიდი ნაწილი საკრედიტო ვალდებულებებს ვერ უმკლავდება. რატომ? რა ტენდენდენციებზე მიანიშნებს "კრედიტინფოს" მონაცემები?
Sputnik
წინამდებარე სტატიას ქვეყნის საფინანსო-ეკონომიკური სისტემისა და საბანკო სექტორის გასული წლის თავგადასავლიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი ეპიზოდის შეხსენებით დავიწყებ. რატომ? მერწმუნეთ, არა მხოლოდ იმიტომ, რომ გამეორება ცოდნის დედაა. აქვე იმასაც დავძენ, რომ ვეცდები მკითხველი შესავალ ნაწილშივე არ გადავღალო ციფრებით.
მაშ ასე, ინფლაცია გასულ წელს 13,9–9,8 პროცენტის ფარგლებში მერყეობდა. ეს, რაღა თქმა უნდა, უმძიმესად აისახა მოსახლეობის ჯიბეზე. თუმცა უნდა ითქვას, რომ ინფლაციამ უკვე წლის მეორე ნახევარში თანდათან დაიკლო და წინასაახალწლოდ ორნიშნა მაჩვენებელს ჩამოსცდა, რაც ცალსახად პოზიტიურ დინამიკაზე მიანიშნებს. არის მოლოდინი, რომ მიმდინარე წლის მეორე ნახევარში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს მიუახლოვდება.
ქვეყანამ გასული წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპიც შეინარჩუნა, რაც ორნიშნა მაჩვენებელში გამოისახა. ანალიტიკოსთა დიდი ნაწილის შეფასებით, ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი ძირითადად მიგრაციული პროცესების შედეგია. რუსეთ-უკრაინის სამხედრო დაპირისპირების დაწყებიდან რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელარუსიდან ქვეყანაში ათასობით მოქალაქე საშუალო და ხანგრძლივი ვადით შემოვიდა. როგორც აკადემიურ წრეებში აცხადებენ, მიგრაციული ნაკადის ზრდა მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე პოზიტიურად აისახა. მათ შორის არის ფულადი გზავნილების რეკორდულად გაზრდილი მოცულობა.
ვინ რას ტირის და ვისი ცრემლების დაიჯერა მთავრობამ?
გასულ წელს საქართველოში საზღვარგარეთის ქვეყნებიდან 4,372 მილიარდი ამერიკული დოლარი გადმოირიცხა, რაც 2021 წლის ამავე მაჩვენებელზე 86 პროცენტით მეტია. ექსპერტთა შეფასებით, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში ფულად გზავნილებს ყოველთვის მნიშვნელოვანი როლი ეკავა, მეტიც, მისი ფარდობითი სიდიდე ხშირად მთლიანი შიდა პროდუქტის 10 პროცენტსაც კი აჭარბებდა. მათივე განმარტებით, ისტორიულად ტრანსფერები ზრდის ტემპით ხასიათდებოდა, მაგრამ იცვლებოდა სტრუქტურა – ფულად გზავნილებში ევროკავშირის ქვეყნების წილის ზრდის პარალელურად რუსეთის წილი მცირდებოდა. 2021 წელს ის 18 პროცენტს შეადგენდა, მაგრამ გასულ წელს პირველად 2014 წლის შემდეგ 47 პროცენტს გადააჭარბა.
და, ბოლოს, ეროვნული ვალუტა. შეგახსენებთ, გასულს წელს ლარი ამერიკული დოლარის მიმართ 3,08-ის ნიშნულზე შეხვდა და არც პირველი ოთხი თვის თავგადასავალი იყო რაიმე სიკეთის მომტანი. რუსეთ-უკრაინის სამხედრო დაპირისპირებიდან მალევე ეროვნული ვალუტა კიდევ უფრო გაუფასურდა და მარტის პირველ დეკადაში ამერიკული დოლარი რეკორდულად ძვირს, 3,45 ლარს ფასობდა. მიუხედავად ამისა, გასული წელი ლარისთვის იღბლიანი გამოდგა. გაზაფხულიდან მოყოლებული ეროვნული ვალუტის გამყარებამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო და მიმდინარე წელს ლარი ამერიკული დოლარის მიმართ 2,70-ის ნიშნულზე შეხვდა. რა იყო ლარის გამყარების მთავარი ფაქტორი? ანალიტიკური წრეების შეფასებით, ეროვნული ვალუტის გამყარება მიგრაციული ნაკადის ზრდამ, ფულადი გზავნილების რეკორდულად მატებამ და, რა თქმა უნდა, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებამ განაპირობა.
რატომ დარჩა უცვლელი რეფინანსირების განაკვეთი?
დაპირების მიუხედავად, შესავალი ვრცელი გამოდგა. არადა, საბანკო სექტორზე ორიოდე სიტყვა მაქვს სათქმელი. გასულ წელს კომერციულმა ბანკებმა 2,89 მილიარდი ლარის მოგება მიიღეს, რაც 2021 წლის მაჩვენებელს მცირედით აღემატება და ისტორიული მაქსიმუმია. როგორც ეროვნული ბანკის ანგარიშიდან ირკვევა, საბანკო სექტორის შემოსავლებმა 7,5 მილიარდი ლარი შეადგინა. კობა გვენეტაძის უწყების მონაცემებით, კომერციული ბანკების შემოსავლების დიდი ნაწილი საპროცენტო შემოსავლები იყო, კერძოდ, 5,64 მილიარდი ლარი.
რაკი საპროცენტო შემოსავლები ვახსენე, დროა, რომ წინამდებარე სტატიის სათაურის კითხვას ვუპასუხო. მოგეხსენებათ, საბანკო სექტორის საპროცენტო შემოსავლების უდიდესი ნაწილი კრედიტებზე მოდის. ბოლო დროს ისიც არაერთხელ მითქვამს, რომ საბანკო საკრედიტო რესურსი გაძვირდა, გაიზარდა საკრედიტო პროცენტები. ექსპერტ-ანალიტიკოსთა შეფასებით, ამერიკულ დოლარში დაკრედიტებისას პროცენტის გაზრდის მიზეზი ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სარეზერვო ფონდის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაა. აქვე მოგახსენებთ, რომ ეროვნულ ვალუტაში გასაცემი სესხების პროცენტის ზრდას ანალიტიკოსები ეროვნული ბანკის მიერ ერთი წლის განმავლობაში რეფინანსირების განაკვეთის 2,5 პროცენტით ზრდას უკავშირებენ.
არის თუ არა ახალი რეკორდი? ანუ რას ითვლიან საბანკო სექტორში
მიუხედავად იმისა, რა იყო და არის სესხების გაძვირების მიზეზი, ფაქტია, მსესხებელთა ნაწილი, 11,6 პროცენტი საბანკო ვალდებულებას ვეღარ უმკლავდება, ანუ მას ვადაგადაცილება უფიქსირდება. „კრედიტინფოს“ მიმდინარე წლის იანვრის სტატისტიკით, საფინანსო სექტორის ჯამში 39.863.664.829 ლარი 1.929.349 ადამიანს მართებდა. 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება 224.016 დებიტორს ჰქონდა. გაფორმებული იყო 451.168 კონტრაქტი.
აღსანიშნავია, რომ მსესხებლების უმეტესობა საბანკო სექტორზე მოდის, კერძოდ, იანვრის მდგომარეობით, კომერციული ბანკებიდან ჯამში 36.365.809.440 ლარის მოცულობის კრედიტი აღებული ჰქონდა 1.624.572 მსესხებელს. ვადაგადაცილება 130.457 დებიტორს უფიქსირდებოდა. შესაძლოა, მკითხველმა ივარაუდოს, რომ ვადაგადაცილებული, ანუ უმოქმედო სესხების დიდი ნაწილი იპოთეკურ სესხებზე მოდის და ვადაგადაცილების მიზეზი უცხოური ვალუტის, ევროს ან ამერიკული დოლარის გაძვირება იყო. არადა, არ არის ასე. იპოთეკურ სესხებზე ქართული კომერციული ბანკების მთლიანი საკრედიტო პორტფელის 21,5 პროცენტი მოდის. თანხობრივად ეს დაახლოებით 9,9 მილიარდი ლარია. ეროვნული ბანკის მონაცემებით ირკვევა, რომ უმოქმედო სესხების წილი იპოთეკურ სესხებში 2,8 პროცენტია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,2 პროცენტით ნაკლებია. უძრავი ქონებისა და მშენებლობის სექტორზე გაცემული კრედიტების წილი მთლიან სესხებში 6,2 პროცენტია, უმოქმედო სესხების წილი კი ამ სექტორზე გაცემულ სესხებში 4,9 პროცენტს შეადგენს.
მოგეხსენებათ, იპოთეკური კრედიტის შემთხვევაში ვალდებულების შეუსრულებლობა, როგორც წესი, ქონების დაკარგვით მთავრდება. გასული წლის დეკემბრის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 304,3 მილიონი ლარი შეადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ ერთი წლის განმავლობაში საბანკო სექტორის მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება 20,8 მლნ ლარით გაიზარდა.
რატომ? ეკონომიკა ხომ დუღს?!
თუ თვალს გადავავლებთ ბოლო ორი წლის დინამიკას, დავინახავთ, რომ ბოლო პერიოდში ვადაგადაცილებული სესხების პროცენტულად მკვეთრი ზრდა აღარ გვაქვს, ის ერთსა და იმავე დიაპაზონში მერყეობს. თუმცა საგულისხმოა, რომ საფინანსო-ეკონომიკურ სექტორში არსებული პოზიტიური ტენდენციის, ინფლაციის თანდათან შემცირების, ორნიშნა ეკონომიკური ზრდისა და ეროვნული ვალუტის გამყარების ფონზე ვადაგადაცილებული სესხების მაჩვენებელი კვლავ მაღალია და საკრედიტო ვალდებულების გასტუმრებაც კვლავაც სერიოზულ გამოწვევად რჩება. რატომ? ანალიტიკოსთა შეფასებით, რამდენიმე პრობლემასთან გვაქვს საქმე.
„მთავარი პრობლემაა ის, რომ სესხები რაც უფრო ძვირდება, მით მეტია ვადაგადაცილება, რადგან მით უფრო მეტად ვეღარ იხდის მომხმარებელი. უკანასკნელ წლებში კი ვხედავთ, რომ მკვეთრად გაიზარდა პროცენტები. ძალიან ბევრი რეგულაცია დააწესეს ამერიკულ დოლარსა და ევროში სესხის აღებაზე, არადა, პროცენტი დოლარსა და ევროში სესხზე გაცილებით ნაკლებია და ეს რომ მსესხებლებისთვის ისეთივე ხელმისაწვდომი იყოს, როგორც ეროვნულ ვალუტაშია, გაცილებით ნაკლები პროცენტის გადახდა მოუწევდათ და, რა თქმა უნდა, ვადაგადაცილებაც ნაკლები იქნებოდა. ხელისუფლება ყველას აიძულებს სუსტ და არასტაბილურ ვალუტაში, ანუ ლარში აიღოს სესხი და ამით მოსახლეობას უარეს მდგომარეობაში აყენებს. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობა სესხში მეტს იხდის. გარდა ამისა, რეფინანსირების განაკვეთი მკვეთრად გაიზარდა. ამით მომხმარებელს პროცენტი გაეზარდა“, − აცხადებს ფინანსისტი ზვიად ხორგუაშვილი.
კი, მაგრამ ვრცელი შესავალი რა საჭირო იყო? − შესაძლოა ჩამეძიოს მკითხველი. მხოლოდ იმის წარმოსაჩენად, რომ ქვეყნის შიგნით საფინანსო-ეკონომიკურ სისტემაში მიმდინარე ესა თუ ის ცალკეული პოზიტიური პროცესი, როგორც ირკვევა, იაფი საკრედიტო რესურსის გარანტია არ არის. თუ მკითხავთ, რა არის ამის გარანტია? გეტყვით, არ მაქვს კონკრეტული პასუხი, თუმცა ვეჭვობ, მთავარია, იყოს კომერციული ბანკების მესვეურთა ნება. რა თქმა უნდა, გამყარებული ქვეყნის საფინანსო-ეკონომიკური სისტემის მდგრადობით...
სამსონ ხონელი