მსოფლიო დღეს

ევროკავშირმა რუსეთს New START-ში დაბრუნებისკენ მოუწოდა

Sputnik
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. ევროკავშირი გმობს რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც სტრატეგიული შეტევითი იარაღის შემცირების ხელშეკრულებაში (CHB III, ან New Start) რუსეთის მონაწილეობის შეჩერებას შეეხება, ნათქვამია ევროკავშირის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ევროკავშირი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს აღნიშნულ ხელშეკრულებას და მიაჩნია, რომ მას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო და ევროპული უსაფრთხოებისთვის, ვინაიდან CHB III-ის საიმედო კონტროლის მექანიზმი აძლიერებს უკვე განთავსებული სტრატეგიული ბირთვული არსენალების შემცირებას და ხელს უწყობს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების VI მუხლის განხორციელებას.

„ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ხელი შეუწყოს რუსეთის ტერიტორიაზე New START-ით გათვალისწინებულ ინსპექტირებას, მონაწილეობა მიიღოს ხელშეკრულების განმახორციელებელი ორგანოს მუშაობაში და ასევე ორმხრივ საკონსულტაციო კომისიაში — ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში“, — მოუწოდა ევროკავშირმა რუსეთს.

ევროკავშირში მიაჩნიათ, რომ აღნიშნული ხელშეკრულების შეჩერება ან მისი მოქმედების ვადის ამოწურვა ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას და არსებითად აფერხებს შეიარაღების კონტროლის მცდელობებს, რაც არ შეესაბამება CHB III-ის მონაწილე არცერთი სახელმწიფოსა და ასევე სხვა ქვეყნების ინტერესებს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 თებერვალს ფედერალურ კრებას მიმართა, რა დროსაც განაცხადა, რომ რუსეთი CHB III-ში მონაწილეობას აჩერებს.
მისი თქმით, ხელშეკრულების ფარგლებში რუსეთის წინადადებებს აშშ უარყოფს, ხოლო ნატო აცხადებს, რომ რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენება სურს, რაც არის კიდეც ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
წყარო: European Union