თურქეთში ზედიზედ კიდევ ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრამდე ცოტა ხნით ადრე პროვინცია ქვეყნის პრეზიდენტმა მოინახულა.
Sputnik
თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. თურქეთში, სირიის საზღვართან, ჰათაის პროვინციაში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა – რამდენიმე სახლი დაინგრა, ადამიანები ნანგრევებში მოყვნენ, იუწყება „რია ნოვოსტი“ პროვინციის გუბერნატორ ლუთფუ სავაშზე დაყრდნობით.
სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციის სამმართველოს (AFAD) ცნობით, ორშაბათს, საღამოს 6,4 და 5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრები სამი წუთის ინტერვალით მოხდა.
თურქული ტელეარხი A Haber-ის ცნობით, მიწისძვრების შედეგად მთელი პროვინცია ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია თურქეთის ქალაქების ანტაქიასა და ისკენდერუნის დამაკავშირებელი ტრასის ნაწილის ჩამონგრევის შესახებ.
თურქეთის ხელისუფლება ჰათაის პროვინციაში მცხოვრებ ადამიანებს ურჩევს, არ მიუახლოვდნენ ზღვას, რადგან არსებობს წყლის დონის აწევის რისკი.
ცოტა ხნით ადრე პროვინცია თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა მოინახულა.
თურქეთი უკვე ორი კვირაა ებრძვის 6 თებერვლის დამანგრეველი მიწისძვრების შედეგებს. უამრავი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. მაშველებს ნანგრევებიდან ცოცხალი ადამიანები ჯერ კიდევ ამოჰყავთ. ბოლო ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად თურქეთში 41 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, სირიაში - 5800. ნანგრევებიდან 114 ათასზე მეტი ადამიანი ამოიყვანეს.