პარლამენტის ბიურომ დაარეგისტრირა კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

ავტორები დარწმუნებულნი არიან, რომ მათ მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი ამერიკულ და რუსულ კანონებზე უკეთესია.
Sputnik
თბილისი, 20 თებერვალი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის ბიურომ დაარეგისტრირა კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც ოპოზიციისა და ქვეყნის დასავლელი პარტნიორების მხრიდან მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა.
კანონპროექტის ავტორების - საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" წარმომადგენელი დეპუტატების აზრით, შემოსავლის წყაროები უნდა იყოს გამჭვირვალე არა მხოლოდ პოლიტიკოსებისთვის, არამედ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც, რომელთა მიზანია გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე.
ოპოზიცია ერთხმად აცხადებს, რომ ეს ყველაფერი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ნამოქმედარია, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების გაკონტროლება სურს. დეპუტატები, რომლებმაც „ხალხის ძალა“ დააარსეს, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ დატოვეს, მაინც მასთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩნენ.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აღნიშნულ ინიციატივას არ დაუჭერს მხარს. მისი თქმით, თავისი შინაარსით ეს კანონპროექტი საქართველოს აახლოებს არა ევროპასთან, არამედ რუსეთთან.
კანონპროექტი „უცხოური აგენტების“ შესახებ განსხვავდება აშშ-ისა და რუსეთის კანონებისგან >>
გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ შემოთავაზებული კანონი სტიგმატიზაციას მოახდენს და ჩაახშობს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმას, და ამან შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. მისი თქმით, კანონპროექტი დაფუძნებულია არა შეერთებულ შტატებში არსებული უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტზე (FARA), არამედ, როგორც ჩანს, მსგავს რუსულ და უნგრულ კანონმდებლობაზე.
თავის მხრივ, ინიციატივის ავტორები დარწმუნებული არიან, რომ მათ მიერ შეთავაზებული კანონპროექტი ამერიკულ და რუსულ კანონებზე უკეთესია. მათი თქმით, ქართულ ვერსიაში გამოიყენება ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“, რომელიც „სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს“.
კანონპროექტი უცხოური აგენტების გავლენის შესახებ: საქართველოში კამათი გრძელდება >>
წინასწარი ინფორმაციით, უცხოური გავლენის აგენტად უნდა დარეგისტრირდნენ ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომელიც უცხოური წყაროდან დაფინანსების 20 პროცენტზე მეტს იღებს.
ჩვენი კანონპროექტის ერთადერთი მიზანია, უზრუნველყოფილი იყოს ორგანიზაციების უცხოური დაფინანსების სრული გამჭვირვალობა, რათა საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, ვინ დგას ამა თუ იმ გაერთიანების საქმიანობის უკან, ერთმანეთისგან გაარჩიონ საქართველოზე პოზიტიური და არაპოზიტიური გავლენის მოხდენის შემთხვევები და ამის მიხედვით ჩამოაყალიბონ საკუთარი დამოკიდებულება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური, სოციალური პროცესების მიმართ, აღნიშნეს „ხალხის ძალაში“.