ერდოღანმა სამაშველო ღონისძიებებში ჩართულ ქართველ მაშველებს მადლობა გადაუხადა

პირველი ქართული სამაშველო ჯგუფი თურქეთის რესპუბლიკაში ტრაგედიის დღესვე, 6 თებერვალს ჩავიდა.
Sputnik
თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში ჩართულ ქართველ მაშველებს მადლობა გადაუხდა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრები მოხდა, რამაც უზარმაზარი მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვია. ბევრი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. მაშველებს ნანგრევებიდან თითქმის ორი კვირის შემდეგაც ცოცხალი ადამიანები ყოველდღე ამოჰყავთ.
სამინისტროს ცნობით, ერდოღანი ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში ჩავიდა, სადაც ქართული სამაშველო ჯგუფის წევრები სხვადასხვა ქვეყნის სამაშველო სამსახურებთან ერთად აწარმოებენ მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს.

„თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს პირადად შეხვდა და სამაშველო ღონისძიების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში ჩართულ სამაშველო ჯგუფებს მადლობა პირადად გადაუხადა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ქართველი მეხანძრე-მაშველები ქალაქ ანთაქიაში თურქულ მხარესთან კოორდინაციით ამ დრომდე ახორციელებენ მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს.
საქართველო თურქეთს ტრაგედიის პირველივე დღიდან ეხმარება. მეზობელ ქვეყანაში გაემგზავრნენ ქართველი მაშველები, მათ შორის კინოლოგები. მათ თან აქვთ ყველა საჭირო თანამედროვე ტექნიკა, აღჭურვილობა, დრონები, კავშირგაბმულობის მანქანა. ქართველმა მაშველებმა ნანგრევებიდან არაერთი ადამიანი ამოიყვანეს. ბოლო ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად თურქეთში 41 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, სირიაში - 5800.
წყარო - შსს