თბილისი, 20 თებერვალი - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატები „პრინციპების დონეზე“ მხარს უჭერენ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, დეტალებზე მსჯელობა გაგრძელდება, განაცხადა ფრაქციის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
კანონპროექტის ავტორების - საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" წარმომადგენელი დეპუტატების აზრით, შემოსავლის წყაროები უნდა იყოს გამჭვირვალე არა მხოლოდ პოლიტიკოსებისთვის, არამედ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც, რომელთა მიზანია გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე.
„ფრაქცია „ქართული ოცნების“ სახელით შემიძლია ვთქვა, რომ პრინციპების დონეზე შევთანხმდით და კანონპროექტს მხარს დავუჭერთ“, - განაცხადა მდინარაძე საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ, რომელიც პარტიის ოფისში გაიმართა.
ორშაბათს პარლამენტის ბიურომ დაარეგისტრირა კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ამის შემდეგ დაიწყება კანონპროექტის განხილვა კომიტეტებში და მხოლოდ ამის შემდეგ უყრის კენჭს პარლამენტი.
„რა თქმა უნდა, დეტალებზე მსჯელობა გაგრძელდება. თუკი პრინციპებზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ათასგვარი სპეკულაცია მოჰყვა სხვადასხვა ქვეყანასთან მიმართებაში... შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით ვთქვა, ვინც არ უნდა იყოს, თუკი ვინმე ამბობს, რომ ეს არის ანალოგი რუსული კანონმდებლობის, ის უბრალოდ იტყუება“, - განაცხადა მდინარაძემ.
კანონპროექტი პრეზიდენტის, ოპოზიციისა და ქვეყნის დასავლელი პარტნიორების, მათ შორის აშშ-ის მხრიდან მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა.
ოპოზიცია ერთხმად აცხადებს, რომ ეს ყველაფერი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ნამოქმედარია, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების გაკონტროლება სურს. დეპუტატები, რომლებმაც „ხალხის ძალა“ დააარსეს, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ დატოვეს, მაინც მასთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩნენ.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აღნიშნულ ინიციატივას არ დაუჭერს მხარს. მისი თქმით, თავისი შინაარსით ეს კანონპროექტი საქართველოს აახლოებს არა ევროპასთან, არამედ რუსეთთან.
გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ შემოთავაზებული კანონი სტიგმატიზაციას მოახდენს და ჩაახშობს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმას, და ამან შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. მისი თქმით, კანონპროექტი დაფუძნებულია არა შეერთებულ შტატებში არსებული უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტზე (FARA), არამედ, როგორც ჩანს, მსგავს რუსულ და უნგრულ კანონმდებლობაზე.
თავის მხრივ, ინიციატივის ავტორები დარწმუნებული არიან, რომ მათ მიერ შეთავაზებული კანონპროექტი ამერიკულ და რუსულ კანონებზე უკეთესია. მათი თქმით, ქართულ ვერსიაში გამოიყენება ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“, რომელიც „სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს“.
წინასწარი ინფორმაციით, უცხოური გავლენის აგენტად უნდა დარეგისტრირდნენ ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომელიც უცხოური წყაროდან დაფინანსების 20 პროცენტზე მეტს იღებს.
ჩვენი კანონპროექტის ერთადერთი მიზანია, უზრუნველყოფილი იყოს ორგანიზაციების უცხოური დაფინანსების სრული გამჭვირვალობა, განაცხადეს ინიციატივის ავტორებმა.