თბილისი, 19 თებერვალი – Sputnik. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა თურქეთში 6 თებერვალს დამანგრეველი მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა.
6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრები მოხდა, რამაც უზარმაზარი მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვია. ბევრი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. მაშველებს ნანგრევებიდან თითქმის ორი კვირის შემდეგაც ცოცხალი ადამიანები ყოველდღე ამოჰყავთ.
მიწისძვრის შედეგები ადიამანში
© AFP 2024 / Ilyas Akengin
უნივერსიტეტის პრესსამსახურის ცნობით, საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა მიიღეს ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებმა, მკვლევრებმა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა. აქციის ფარგლებში შეძენილია პირველადი მოხმარების ნივთები, ლეიბები, საბნები, ჰიგიენური და ბავშვის მოვლის საშუალებები.
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა, ადმინისტრაციის უფროსმა მერაბ დიასამიძემ, რექტორის მოადგილემ ანზორ ბერიძემ ჰუმანიტარული ტვირთი თურქეთის ვიცე-კონსულ მუსტაფა გუნეშს, თურქეთ-საქართველოს ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძეს გადასცეს.
საქართველო თურქეთს ტრაგედიის პირველივე დღიდან ეხმარება. მეზობელ ქვეყანაში გაემგზავრნენ ქართველი მაშველები, მათ შორის კინოლოგები. მათ თან აქვთ ყველა საჭირო თანამედროვე ტექნიკა, აღჭურვილობა, დრონები, კავშირგაბმულობის მანქანა. ქართველმა მაშველებმა ნანგრევებიდან არაერთი ადამიანი ამოიყვანეს.