თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. ელექტრო- და ინტერნეტკაბელების გაყვანის პროექტები, რომლებმაც საქართველო და ევროკავშირი შავი ზღვის გავლით უნდა დააკავშირონ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა გახდა.
შეხვედრა მიუნხენის რიგით 59-ე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ერთობლივი პროექტების პერსპექტივის გარდა, შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი.
შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა 12 პრიორიტეტის შესრულების პროცესის შესახებ, რომელთა დიდი ნაწილი სრულადაა შესრულებული, საკანონმდებლო აქტების ნაწილი კი, დასკვნისათვის გაგზავნილია ვენეციის კომისიაში.
„პრემიერმა შეხვედრაზე იმედი გამოთქვა, რომ ევროკომისია, პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით, გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას და წელს მოხდება კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილების მიღება, რაც საქართველოსთვის დამსახურებული კანდიდატის სტატუსის მინიჭებაა“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებაში.
ევროპულმა საბჭომ 2022 წლის 23 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.
საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას 2023 წელს ელოდება. როგორც მოსალოდნელია, ევროკომისიის ოფიციალური დასკვნა საქართველოს მიერ 12 პირობის შესრულების საკითხზე შემოდგომაზე იქნება მზად.
კანდიდატის სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ევროსაბჭომ 27-ვე სახელმწიფოს მეთაურის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით უნდა მიიღოს.
რაც შეეხება შავ ზღვაში კაბელის გაყვანის ისტორიულ პროექტს, აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებმა 2022 წლის 17 დეკემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას „მწვანე ენერგეტიკისა და ტრანსპორტის განვითარების სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანას შავი ზღვის ფსკერზე. პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზი 2023 წელს დასრულდება.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს.
მსოფლიო ბანკი შავის ზღვის ფსკერის დეტალური კვლევისთვის საქართველოს დამატებით 75 მლნ დოლარს გამოუყოფს.
თუ პროექტი განხორციელდება, ათასი მეგავატი სიმძლავრის 1195 კმ-იანი კაბელი საქართველოს აღმოსავლეთ ბალკანეთთან დააკავშირებს, რაც სამხრეთ კავკასიას და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ფართო საექსპორტო შესაძლებლობებით და განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით.
წყარო - მთავრობის ადმინისტრაცია