თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. ხელფასებითა და სამუშაო პირობებით უკმაყოფილო მიტანის სერვის „ვოლტის“ თანამშრომლები კომპანიის ადმინისტრაციის შენობის წინ დირექტორის გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავენ.
კურიერების ჯგუფი დაახლოებით ერთი თვეა ვაკის რაიონში, აბაშიძის ქუჩაზე საპროტესტო აქციებს მართავს. გაფიცული კურიერები აცხადებენ, რომ სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ყოველ კვირას აქციას გამართავენ.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ დირექტორის, ნატალია ხიზანიშვილის და ოპერაციების დეპარტამენტის უფროსის, გიორგი ჯაკობიას გათავისუფლებას.
კურიერები ირწმუნებიან, რომ კომპანიის მენეჯმენტმა აქციებში მონაწილე ზოგიერთ თანამშრომელს სამუშაო აპლიკაციაზე წვდომა დაუბლოკა.
აქციის მონაწილეები ითხოვენ ისეთი სისტემის დანერგვას, რომ კურიერებს ჰქონდეთ წვდომა შეკვეთის გადახდის ყველა ფინანსურ დეტალზე.
კიდევ ერთი მოთხოვნაა კომპანიის ხელმძღვანელობასთან კოლექტიური მოლაპარაკება. თუმცა, „ვოლტის“ მენეჯმენტი უარს ამბობს ამ პუნქტის შესრულებაზე.