თბილისი, 18 თებერვალი - Sputnik. საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის შეხვედრის მთავარი თემა.
ევროპულმა საბჭომ 2022 წლის 23 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს, ღარიბაშვილისა და ბორელის შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ევროკომისიის ანგარიში დადებითად აფასებს საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას იმ მიმართულებებით, რომლებიც უზრუნველყოფს ქვეყნის საკანონმდებლო და ინსტიტუციურ თავსებადობას ევროკავშირთან, რითაც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ საქართველო ერთმნიშვნელოვნად არის ლიდერი სექტორული რეფორმების თვალსაზრისითაც.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულების პროცესი, რომელთა დიდი ნაწილი სრულადაა შესრულებული, საკანონმდებლო აქტების ნაწილი კი, დასკვნისათვის გაგზავნილია ვენეციის კომისიაში.
„როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ქვეყნისთვის შემდეგი ეტაპია კანდიდატის სტატუსის მიღება“, - იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.
ამასთან თავად ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, რომელიც ასევე საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელია, აღნიშნა, რომ ღარიბაშვილთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს რეფორმების დღის წესრიგით გათვალისწინებული ამოცანების განხორციელებისა და ევროკავშირის გზაზე წინსვლის მიღწევის საჭიროებას.
„ვაგრძელებთ ურთიერთობების განმტკიცებას და ერთად დგომას საქართველოს მედეგობისა და ევროპული უსაფრთხოების დაცვის განსამტკიცებლად“, - დაწერა ჯოზეფ ბორელმა Twitter-ში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ღარიბაშვილის და ბორელის შეხვედრის კომენტირებისას აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ოპტიმისტური განწყობები შეინიშნება.
„შეხვედრაზე საუბარი იყო ძალიან პოზიტიური და მინდა ვთქვა, რომ ეს გვაძლევს ძალიან დიდი იმედსა და სტიმულს, რომ გავაგრძელოთ მუშაობა და საქართველომ წელს კანდიდატის სტატუსი მიიღოს“, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან მიუნხენის რიგით 59-ე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას 2023 წელს ელოდება. როგორც მოსალოდნელია, ევროკომისიის ოფიციალური დასკვნა საქართველოს მიერ 12 პირობის შესრულების საკითხზე შემოდგომაზე იქნება მზად.
კანდიდატის სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ევროსაბჭომ 27-ვე სახელმწიფოს მეთაურის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით უნდა მიიღოს.