თბილისი, 18 თებერვალი - Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ მწვავედ გააკრიტიკა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატების მცდელობა, შეეცვალათ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სტრუქტურა.
მმართველი პარტიის დეპუტატები ეროვნული ბანკის ცხრაკაციან საბჭოში აღმასრულებელი წევრების რაოდენობის ოთხიდან ხუთამდე გაზრდის ინიციატივით გამოვიდნენ. მათ ამ ინიციატივაზე უარი მხოლოდ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის ჩარევის შემდეგ თქვეს.
„საქართველოს ეროვნული ბანკის კანონში ცვლილების შეტანის მიზნით გადადგმული ბოლოდროინდელი ნაბიჯები, რომელიც ცვლის საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მართვის სტრუქტურას, თავდაუზოგავი შრომით მოპოვებული სანდოობის დაკარგვის რისკს ქმნის“, - ნათქვამია სსფ-ის მისიის ანგარიშში.
სებ-ის მმართველობის სტრუქტურის ნებისმიერი ცვლილება დაკვირვებულ მიდგომას საჭიროებს და შინაარსობრივი კონსულტაციების საფუძველზე უნდა განხორციელდეს, რაც ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობას და სანდოობას უზრუნველყოფს, აღნიშნულია მისიის განცხადებაში.
მანამდე საქართველოს ეროვნული ბანკმა მოიყვანა არგუმენტი, რომ ინიციატივის მიღების შემთხვევაში საბჭოში დაირღვევა ბალანსი და, შესაბამისად, ეს მისი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლობაზე იმოქმედებს.
დღეისათვის ეროვნული ბანკის საბჭოში ცხრიდან ოთხი აღმასრულებელი წევრია - პრეზიდენტი და სამი ვიცე-პრეზიდენტი.
თავდაპირველი კანონპროექტის მიხედვით, უნდა შექმნილიყო ახალი თანამდებობა - ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც მარეგულირებლის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შეასრულებდა. ამრიგად, ეროვნული ბანკის ცხრა ადამიანისგან შემდგარ საბჭოში აღმასრულებლ წევრთა რაოდენობა ოთხიდან ხუთამდე უნდა გაზრდილიყო.
საქართველოს პარლამენტმა გაითვალისწინა ეროვნული ბანკის უკმაყოფილება ეროვნული ბანკის საბჭოში აღმასრულებელ წევრთა რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებული ინიციატივის გამო და ალტერნატიული ცვლილებები მიიღო.
კანონპროექტის ახალი ვერსიით, ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობა უცვლელი დარჩება, მაგრამ სამი ვიცე-პრეზიდენტიდან ერთ-ერთი პირველი ვიცე-პრეზიდენტი გახდება და სწორედ ის, საჭიროების შემთხვევაში, შესრულებს პრეზიდენტის ფუნქციებს.
ამ ფორმით ცვლილებები პირველი მოსმენით 83 ხმით დამტკიცდა.
ცვლილებების ავტორებმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ექვსმა დეპუტატმა, თავიანთი ინიციატივა განმარტეს იმის აუცილებლობით, რომ მკაფიოდ უნდა განისაზღვროს, ვინ შეასრულებს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის ვალდებულებებს მარტში კობა გვენეტაძის უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ.