თბილისი, 18 თებერვალი – Sputnik. ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) თელ-ავივში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში ტურნირის ბოლო დღეს ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ხუთშაბათს, 16 თებერვალს თელ-ავივში დაიწყო გრანდ სლემი ძიუდოში - Tel Aviv Grand Slam 2023. შეჯიბრება მიმდინარეობს Shlomo Group Hall-ში.
27 წლის ბექა ღვინიაშვილმა ფინალში უნგრელ კრისტიან ტოტს ორი ვაზარით სძლია და საქართველოს ნაკრებს შეჯიბრებაზე მეორე ოქროს მედალი მოუპოვა.
მეორე სპორტსმენი ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) მეოთხედფინალში გასასვლელად ბრაზილიელ სპორტსმენთან იპონით დამარცხდა და შეჯიბრება უმედლოდ დაასრულა.
თელ-ავივში გამართულ ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები მესამე ადგილს იკავებს. პირველ ადგილზე საფრანგეთის ნაკრებია, მეორეზე - კანადა.
შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად თელ-ავივში 53 ქვეყნიდან 368 სპორტსმენი ჩავიდა. დიდი სლემის საპრიზო ფონდი 154 ათას დოლარს შეადგენს.
პირველ ადგილზე საპრიზო თანხა შეადგენს 5 ათას დოლარს (მონაწილე - 4 ათასი, მწვრთნელი - ათასი), მეორე ადგილისთვის - 3 ათასი დოლარი (2400 და 600), მესამე ადგილისთვის - 1,5 ათასი დოლარი (1200 და 300).
2022 წელს საქართველოს ნაკრებმა თელ-ავივში გამართულ დიდი სლემის ტურნირზე სამი მედალი მოიპოვა. ოქროს მედალოსნები ილია სულამანიძე (100 კგ) და მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი (100+) გახდნენ, ხოლო ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.