მსოფლიო დღეს

11 დღე ნანგრევებში: თურქეთში სამი ცოცხალი ადამიანი იპოვეს - ვიდეო

Sputnik
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. თურქეთის უბედურების ზონაში გამანადგურებელი მიწისძვრებიდან მეთერთმეტე დღეს ნანგრევებიდან სამი ცოცხალი ადამიანი ამოიყვანეს, იუწყება თურქული გამოცემა Anadolu.
გავრცელებული ინფორმაციით, 26 წლის მაჰმეთ ალი შაქიროღლუმ და 34 წლის მუსტაფა ავჯიმ ქალაქ ანთაქიის ნანგრევებში 261-ზე მეტი საათი გაატარეს. ორივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
თუმცა, საავადმყოფოში წაყვანამდე, საველე ჰოსპიტალში პირველი დახმარების აღმოჩენის შემდეგ, მუსტაფა ავჯიმ მაშველებს ძმასთან დარეკვა სთხოვა.

„ყველანი გადარჩით, ნაზლი? მომასმენინე თქვენების ხმა“, — სთხოვა ძმას მუსტაფამ.

კიდევ ერთი ადამიანი, 12 წლის ოსმანი ჰათაის პროვინციაში იპოვეს. ბიჭმა ნანგრევებში 260 საათი გაატარა. ამ დროისათვის ისიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
აღსანიშნავია, რომ უბედურების ზონაში მაშველები უყურადღებოდ არც ცოცხლად ჩამარხულ ცხოველებს ტოვებენ. ამ დროის მონაცემებით, ნანგრევებიდან ასობით შინაური ბინადარია ამოყვანილი, რომლებსაც მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში საგანგებოდ გახსნილ ვეტკლინიკებში მკურნალობენ და შემდეგ თავშესაფრებში გადაჰყავთ.
ამ დროის მონაცემებით, თურქეთისა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრების მსხვერპლთა დადასტურებული საერთო რაოდენობა 41 ათას კაცზე მეტია.