თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ფერნანდო გრანდე მარლასკასთან შეხვედრისას ქვეყნებს შორის სხვადასხვა მიმართულებით ნაყოფიერი თანამშრომლობა განიხილა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებსა და პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეს.
„აღინიშნა, რომ საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროები ნაყოფიერად თანამშრომლობენ და ეს თანამშრომლობა საერთაშორისო ხელშეკრულებებს, პარტნიორობასა და ურთიერთნდობის პრინციპებს ეფუძნება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საუბარი ასევე შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს ეროვნული საკანონმდებლო ბაზის თავსებადობის შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მნიშვნელობას.
ევროკომისიამ 2023 წლის თებერვლის დასაწყისში გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს ევროკავშირში შესვლის განაცხადთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა სასამართლო სისტემა და ძირითადი უფლებები, მართლმსაჯულების თავისუფლება და უსაფრთხოება, სახელმწიფო შესყიდვები, სტატისტიკა და ფინანსური კონტროლი და სხვ.