თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. მოვლენები საქართველოს ექს–პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის Credit Suisse–სთან სასამართლო გარჩევების ირგვლივ მიუთითებს, რომ, ერთი მხრივ, „რაღაც ძალები“ ერთ–ერთი უმსხვილესი შვეიცარიული ბანკის მენეჯმენტს აიძულებს, დააშანტაჟოს თავისი კლიენტი, ხოლო მეორე მხრივ, ბლოკავს სტატიებს ამის შესახებ ევროპულ მასმედიაში, ნათქვამია საადვოკატო კანტორა MKD Law–ს განცხადებაში.
ივანიშვილის ინტერესების დამცველი კომპანია MKD Law სულ უფრო ხშირად აქვეყნებს საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის დავის დეტალებს Credit Suisse–სთან. ამჟამად ივანიშვილი იბრძვის არასადავო თანხის მიღებისთვის, რომლის ხელმისაწვდომობის დაბლოკვაც 2022 წლის მარტიდან, უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან ბანკის ტრასტებმა დაიწყეს.
ბიძინა ივანიშვილის მიერ ინიცირებული გლობალური სასამართლო პროცესი Credit Suisse-ის და მისი შვილობილი კომპანიების წინააღმდეგ 2016 წლიდან გრძელდება. ერთ შემთხვევაში საუბარია თაღლითობის შედეგად მიყენებულ ზიანზე, როდესაც ივანიშვილის ანგარიშებიდან 400 მლნ დოლარი გაქრა, მეორეში კი Credit Suisse-ის ორ ტრასტზე, რომლებმაც 2022 წლის 4 მარტიდან მოთხოვნილი ტრანზაქციების განხორციელებაზე უარი განაცხადეს.
ერთ-ერთი ტრასტი სინგაპურში მდებარეობს, მეორე კუნძულ გერნსის (დიდ ბრიტანეთს დაქვემდებარებული ტერიტორია) იურისდიქციას ეკუთვნის. ძირითადი თანხა სწორედ ამ უკანასკნელი ტრასტის მეშვეობით იმართება.
საკუთარ ფულზე ხელმისაწვდომობის დაბლოკვა ივანიშვილმა და მისმა წარმომადგენლებმა პოლიტიკურ შანტაჟად შეაფასეს.
MKD Law–მ Credit Suisse–ის მენეჯმენტი ივანიშვილის მიმართ კანონის მრავალრიცხოვან დარღვევაში დაადანაშაულა და თავისი არგუმენტები შვეიცარიული საბანკო ბაზრის მარეგულირებლის (FINMA) ანგარიშიდან მოყვანილი მონაცემებით გაამყარა.
მავნებლობა და ცენზურა
MKD Law–ს ახალი სტატიის სათაური, რომელიც ევროპულმა მედიასაშუალებებმა არ გამოაქვეყნეს, ასეთია: „ვის დავალებას ასრულებს „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტი, როდესაც ასე დაუფარავად აშანტაჟებს ივანიშვილს და მიზანმიმართულად ანგრევს საკუთარი ბანკისა და შვეიცარიის საბანკო სისტემის იმიჯს?“
„სამწუხაროდ, კლიენტმა ვერ შეძლო საერთაშორისო მკითხველის ინფორმირება იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებდა ბანკის მენეჯმენტი 2008-2015 წლებში, როდესაც ხდებოდა მის ანგარიშებზე წარმოუდგენელი დანაშაულები, რის შესახებაც ბანკის მენეჯმენტი ასზე მეტჯერ იღებდა მინიშნებას შიდა აუდიტის სისტემისგან, თუმცა ნაცვლად დანაშაულის აღკვეთისა, დამნაშავეთა პრემიებითა და ბონუსებით წახალისება ხდებოდა“, – ნათქვამია სტატიაში.
ამ ყველაფერს მოსალოდნელი და წინასწარ ჩაფიქრებული შედეგი მოჰყვა.
„დაინგრა ბანკის რეპუტაცია და ფინანსური მდგრადობა და უდიდესი ფინანსური ზიანი მიადგა ბატონ ივანიშვილს. ამდენად, განჩნდა საფუძვლიანი კითხვა, თუ ვისი დაკვეთითა და დავალებით მოქმედებდა და მოქმედებს „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტი, რომელშიც პერსონები იცვლებოდნენ, ხოლო ხელწერა უცვლელი რჩებოდა“, – ნათქვამია სტატიაში.
სტატიის ავტორები დაინტერესდნენ, ვინაა ის ძალა, რომელმაც მენეჯმენტი აიძულა, კანონი მრავალჯერ დაერღვია და მენეჯმენტს ბიძინა ივანიშვილის შანტაჟი შეუკვეთა. ასევე გაჩნდა კითხვები, თუ ვინ დგას ევროპარლამენტის მიერ მიღებული ორი რეზოლუციის უკან (2022 წლის ივნისსა და დეკემბერში), სადაც ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვენ და ვინ არ გასცა ამის ნებართვა ორივეჯერ.
„რაც აჩვენებს, რომ მიზანი შანტაჟი იყო და არა რეალური სანქცირება“, – აღნიშნულია სტატიაში.
MKD Law ვარაუდობს, რომ იგივე ძალები დგანან ევროპულ მასმედიაში Credit Suisse–ის მენეჯმენტზე კრიტიკული სტატიების დაბლოკვის უკან მაშინ, როდესაც ივანიშვილისთვის ღიაა ყველა კარი, თუ საუბარია თვითონ ბანკის კრიტიკაზე.
ივანიშვილი უკვე 7 წელია (2016 წლიდან) სხვადასხვა დროს აწარმოებდა და აწარმოებს სასამართლო დავებს ახალ ზელანდიაში, სინგაპურში, ბერმუდაზე, გერნსის კუნძულებზე (დავა საბანკო ტრასტის გაუქმებასა და თანხის გადარიცხვაზე ბენეფიციარისთვის) და უშუალოდ შვეიცარიაშიც, ანუ ყველა იმ იურისდიქციაში, სადაც Credit Suisse-ის მენეჯმენტმა შეგნებულად განფინა და მიმოფანტა ივანიშვილის მიერ განთავსებული თანხები.
წარმატება სინგაპურში
2022 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ მრავალი თვის შემდეგ ივანიშვილმა მაინც მიიღო თავისი ფული, რომელიც Credit Suisse–ის სინგაპურის ტრასტის მმართველობის ქვეშ იყო. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც 2022 წლის სექტემბერში ივანიშვილი სინგაპურის სასამართლოში მოწმის სახით გამოვიდა.
საადვოკატო ბიურომ აღნიშნა, რომ ივანიშვილმა ოსტატურად ისარგებლა მოპასუხის კითხვით და სასამართლოში განაცხადა, რომ Credit Suisse „განგსტერული ბანკივით“ იქცევა. ივანიშვილის თქმით, ბანკი არა მხოლოდ აიძულებს კლიენტს წლების განმავლობაში მასთან სასამართლო დავა აწარმოოს სხვადასხვა იურისდიქციაში, არამედ არც თავად შვეიცარიის პროკურატურისა და სასამართლოს მიერ ჯერ კიდევ 2019 წელს დავალებულ გადახდებს ახორციელებს.
უფრო მეტიც, როგორც ივანიშვილმა სასამართლოზე განაცხადა, Credit Suisse მთლიანად ზღუდავს მის ხელმისაწვდომობას ფულთან, რომელიც მან ბანკიდან გამოიტანა და რომელიც Credit Suisse–ის ტრასტებით იმართება.
მას შემდეგ, რაც მოსამართლე დაინტერესდა იმ ფულის გადარიცხვაზე უარის მიზეზით, რომელიც სადავო არაა, Credit Suisse-მა შექმნა მოლაპარაკებების წარმოების იმიტაცია და ამ დროის განმავლობაში გადმორიცხა ზემოაღნიშნული თანხა.
გერნსი წინაა
გერნსის ტრასტმა 2022 წლის მარტში თანხების გადარიცხვაზე უარის მიზეზად „აღმოსავლეთ ევროპაში გეოპოლიტიკური ვითარება“ დაასახელა, მოგვიანებით კი გამოსავალი იპოვა ევროპარლამენტის 9 ივნისის რეზოლუციაში, რომელიც მოუწოდებდა ევროპულ საბჭოს დაეწესებინა სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ. ტრასტმა განაცხადა, რომ მზადაა გადარიცხოს თანხები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას სასამართლო დაავალდებულებს.
შედეგად, ივანიშვილის დაცვის მხარემ გერნსის სასამართლოს მიმართა. სასამართლო სხდომა, რომელიც 2022 წლის სექტემბერში უნდა გამართულიყო, რამდენჯერმე გადაიდო. პროცესი 2023 წლის მარტისთვის არის ჩანიშნული.
საადვოკატო ბიურო არ გამორიცხავს, რომ კიდევ ერთხელ გადაიდოს ეს ფორმალური პროცედურა, რომელიც სასამართლო დავასაც კი არ წარმოადგენს და რომელსაც მხოლოდ ერთი დღე სჭირდება.