სააკაშვილი უმწეო არ არის - პენიტენციური სამსახური სკანდალურ ვიდეოზე

ცრუ ინფორმაციის კამპანიის მიზანი საზოგადოებრივი მღელვარების გამოწვევა და ქვეყნის იმიჯის დაზიანებაა, აღნიშნეს პენიტენციურ სამსახურში.
Sputnik
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. ზოგიერთი მედიასაშუალება ავრცელებს მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრებს კლინიკა „ვივამედის" პალატიდან და ამით ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს მას არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება და ელემენტარული ფიზიკური მოქმედებების შესრულება, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
ტელეარხმა CNN-მა, მოგვიანებით კი ქართულმა მასმედიამ გამოაქვეყნა კადრები, სადაც ჩანს, რომ სააკაშვილს ფეხზე დგომა უჭირს.

„ცრუ საინფორმაციო კამპანიის შესაძლო მიზანია სახელმწიფოს მხრიდან თითქოსდა არასათანადო რეაგირების წარმოჩენის გზით საზოგადოებრივი მღელვარების გამოწვევა და ქვეყნის დადებითი იმიჯის შელახვა“, – ნათქვამია განცხადებაში.

იმის დასადასტურებლად, რომ ზოგიერთი მედიასაშუალება ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და „სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არასწორი აღქმების“ ჩამოყალიბებას, პენიტენციურმა სამსახურმა მისი პალატიდან რამდენიმე ვიდეოკადრი გამოაქვეყნა.
კადრებზე, რომლებიც თარიღდება 2022 წლის დეკემბრითა და 2023 წლის თებერვლით, ჩანს, რომ სააკაშვილი დამოუკიდებლად ან სპეციალური დამხმარე საშუალების გამოყენებით გადაადგილდება პალატაში, მიმართავს ექიმს, ისვრის რაღაც ნივთს ერთი ოთახიდან მეორეში.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ შეცდომაში შემყვანი, არასრული და ფრაგმენტული ინფორმაციით სპეკულირებისგან“, – აღნიშნულია განცხადებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს უარი უთხრა სააკაშვილს გათავისუფლებაზე ან პატიმრობის გადავადებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე სასამართლოზე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ამ დიაგნოზებს არასარწმუნო უწოდა.
„ვივამედის“ დირექტორმა უარყო ინფორმაცია სააკაშვილის მდგომარეობის გაუარესების შესახებ>>
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
სააკაშვილის ამნისტირება არ მოხდება - „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ პირობა დადო>>
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს